„საგარეო ორიენტაციის კონსტიტუციაში ჩაწერა მიუღებელია, საგარეო მისწრაფება შეიძლება, სიტუაციის შესაბამისად, ხშირად შეიცვალოს“

0

„მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი კონსტიტუციის პროექტის გარკვეულ მუხლებს აკრიტიკებს. როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ქვეყნის საგარეო მისწრაფება შეიძლება, სიტუაციის შესაბამისად, ხშირად შეიცვალოს, ამიტომ კონსტიტუციაში ნატოსა და ევროკავშირის მიმართ მისწრაფება არ უნდა ჩაიწეროს.
„ჩვენთვის მიუღებელია საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის კონსტიტუციაში ჩაწერა. საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეიძლება სიტუაციიდან გამომდინარე ხშირად შეიცვალოს. მისწრაფება ნატოსკენ და მისწრაფება ევროკავშირისკენ – ეს გარკვეული პერიოდის მოვლენაა და არა სამუდამო და მუდმივი. თვით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ნატოს უსაქმური ორგანიზაცია უწოდა. იქ შეიძლება, ჩაიწეროს ის, რომ ჩვენ ვაღიარებთ და მივისწრაფვით დასავლური ღირებულებებისკენ და არა ის, რომ ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანება გვინდა“,- აღნიშნა შატბერაშვილმა.
სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, „მემარცხენე ალიანსიც“ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა იქნას არჩეული, თუმცა მემარცხენეები პირდაპირი გზით არჩევასთან ერთად, თვლიან, რომ პრეზიდენტის უფლებები, გარკვეულწილად, უნდა გაიზარდოს კიდეც. ამასთან, შატბერაშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებული, რომ სასოფლო სამეურნეო მიწის უცხოელებზე გაყიდვა აკრძალულია.
​ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის მიუღებელია არჩევნების შედეგად გამოთავისუფლებული მანდატების გადანაწილების საკითხიც. შატბერაშვილის განცხადებით, მანდატები უნდა ნაწილდებოდეს იმ პროცენტების მიხედვით, რა პროცენტიც დაიკავა ამა თუ იმ ბარიერგადალახულმა პარტიამ.
რაც შეეხება ბლოკების აკრძალვას, შატბერაშვილი მიიჩნევს, რომ გაერთიანების გარეშე, საქართველოში მოქმედ პარტიებს დღეს 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ.
„კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ბლოკების გაუქმებას. დღეს საქართველოში არ არის არც ერთი პარტია, რომელსაც შეეძლება დამოუკიდებლად 5%-იანი ბარიერის გადალახვა. აღარაფერს ვამბობ უმრავლესობით მოსვლაზე“, – აღნიშნა შატბერაშვილმა.
მიუხედავად სხვა პარტიების მსგავსი პოზიციისა, ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომ საკონსტიტუციო პროექტის განხილვისას, ხელისუფლებასთან ერთად იარონ მოსახლეობაში და იქ დააფიქსირონ საკუთარი უარყოფითი პოზიცია, მემარცხენე პოლიტიკოსისთვის მიუღებელია და მიიჩნევს, რომ ასეთი ქმედება კონფლიქტს გამოიწვევს. შატბერაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ცალ-ცალკე უნდა შეხვდნენ მოსახლეობას და საკუთარი არგუმენტები თავად მიაწოდონ.

კომენტარები

კომენტარი