პრეზიდენტი კონსტიტუციის ახალ ვერსიას ეხმაურება-ქვეყანას ფაქტობრივად მთავარსარდალი აღარ ეყოლება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საკონსტიტუციო კომისიის მიერ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, კონსტიტუციის ახალ ვერსიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ახალი ვერსიით, ქვეყანას ფაქტობრივად, მთავარსარდალი აღარ ეყოლება.
ამასთან, როგორც პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, კონსტიტუციის ახალი ვერსიით, პრეზიდენტს ის მცირედი უფლებებიც კი არ გააჩნია, რომელიც 2013 წლიდან ჰქონდა.
„რაც ყველაზე სამწუხაროა კონსტიტუციის ახალ ვერსიაში, ხალხის ნება, რომ აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი, უგულებელყოფილია და ახალი ვერსიით, პრეზიდენტს არა საზოგადოება, არამედ  ე.წ 300 ხმოსანი გაურკვეველი წესით აირჩევს.
ახალარჩეულ პრეზიდენტს კი აღარ გააჩნია ის მცირედი უფლებებიც კი, რაც 2013 წლიდან ჰქონდა. ყველაზე დიდი საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტობრივად, ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა, თემაზე საუბრისას, ყურადღება პარლამენტის პროპორციული წესით არჩევაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს დადებითი და წინგადადგმული ნაბიჯია.
„ნამდვილად, ამ კონსტიტუციაში ჩვენ ვნახეთ დადებითი და წინგადადგმული ნაბიჯი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გადავდივართ პარლამენტის პროპორციულ არჩევნებზე“, – დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.
საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის ახალ ვერსიაზე მუშაობა გუშინ დაასრულა. კონსტიტუციის ახალი პროექტის მიხედვით, 2018 წელს პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ხმოსანი აირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები