არშემდგარი პაემანი ტრაგედიით დასრულდა – რა მოხდა კახეთში

კახეთში უბედური შემთხვევა მოხდა. „კვირას“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ბენზინი ნავთში აერია და სხეულის 100-პროცენტიანი დამწვრობა მიიღო.
შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ ართანაში მოხდა.
12 აპრილს, 29 წლის ვახტანგ ფ. თბილისიდან თელავის ერთ-ერთ სოფელში, აგარაკზე ჩავიდა. ახალგაზრდა მამაკაცს იქ აგარაკი და გაშენებული ვენახი ჰქონდა. რამდენიმე საათში, მასთან შეყვარებულიც უნდა ჩასულიყო. ვახტანგ ფ.-მ ბუხარში შეშა შეაწყო და ნავთის ნაცვლად, შეცდომით, ბენზინი შეასხა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახალგაზრდა მამაკაცი წნევამ, გადააგდო, ცეცხლი სხეულზე წაეკიდა და ბეტონის იატაკზე უგონოდ დაეცა. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. გონდაკარგულ და სხეულდამწვარ ახალგაზრდა მამაკაცს შეყვარებულმა მიუსწრო. რამდენი ხანი იყო ვ.ფ. ამ მდგომარეობაში, დაუდგენელია. შეყვარებულმა ვ-ს ძებნა დაუწყო. გოგონამ სახლის კარები შეანგრია და დასახმარებლად მეზობლებს მიმართა. მამაკაცი გონზე მოვიდა და ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს შემთხვევის შესახებ თავად უამბო.
მიუხედავად ძლიერი აფეთქებისა, სახლში ხანძარი არ გაჩენილა.
შემთხვევის ადგილზე მისული საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ოთახის მხოლოდ 3 კვადრატული მეტრი იყო დამწვარი.
სხეულის მძიმე დამწვრობით, ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში, დამწვრობის ცენტრში რეანომობილით გადმოიყვანეს, მას შეყვარებულიც თან ახლდა. ახალგაზრდა მამაკაცი მთელი გზა კონტაქტური იყო და შეყვარებულს მომხდარის შესახებ ესაუბრებოდა.
როგორც „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, კლინიკაში შემოსვლისას, ახალგაზრდა მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნებოდა. მას სხეულის 100-პროცენტიანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული.
მიუხედავად ამისა, ექიმები 29 წლის ვახტანგ ფ.-ს გადარჩენას 6 დღის განმავლობაში ცდილობდნენ. ახალგაზრდა მამაკაცი გუშინ სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს.

საშა გაგნიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები