გიორგი კვირიკაშვილი – ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს

“ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და აქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, საქართველო გლობალური პრობლემების გზაგასაყარზე იმყოფება.

„ჩვენ გლობალური პრობლემების გზაგასაყარზე ვიმყოფებით. ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და აქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს. თუმცა საქართველო, თავისი მოკლე ისტორიის მანძილზე განცდილი მღელვარების მიუხედავად, ინარჩუნებს შედარებითი სტაბილურობის კუნძულის სტატუსს ამ ტურბულენტურ ხანაში. მან გაუძლო ბევრ დარტყმას – ეს არის მიღწევა, რომლითაც ბევრი სხვა ქვეყანა ვერ დაიკვეხნის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მისი ხედვაა, სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით.

„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩემი ხედვაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ს, ევროკავშირისა და ნატოს ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს აგრძელებს ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებული რაციონალური, გონივრული და ერთგვაროვანი პოლიტიკის გატარებას.

“ეს გვმატებს მოტივაციას, განვაგრძოთ საქართველოს ინტერესებზე დაფუძნებული რაციონალური, გონივრული და ერთგვაროვანი პოლიტიკა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ – გასული ოცდახუთი წლის მანძილზე, ჩვენ სამოქალაქო ომით გახლეჩილი სახელმწიფოდან დინამიკურ, დემოკრატიულ ქვეყნად გარდავიქმენით”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს, აფხაზეთს ე.წ. ოფიციალური ვიზიტით 18-19 აპრილს სტუმრობდა, სადაც მან რუსეთის ე.წ. საელჩოს ახალი შენობა გახსნა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები