ზურა ყიფშიძე: მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს, საშინელებაა – მინისტრი მართალია

მსახიობი ზურა ყიფშიძე კულტურის მინისტრის მიხეილ გიორგაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თემა, რომელიც მსახიობების ხელფასების შემცირებას ეხებოდა, სულ სხვა გზით უნდა წასულიყო.
“ეს უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა მსახიობებსა და ხანდაზმულებზე, როგორ უშვებენ და ისე გამოიყენეს, რომ თითქოს მე ვკვდები შიმშილით და გიორგის რაღაც სისულელე ჩასვეს. არ მინდა ამ თემაზე საერთოდ საუბარი. მართალია მინისტრი, ოღონდ მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს, საშინელებაა”, –  აღნიშნა მსახიობმა ტელეკომპანია „იბერიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ზურაბ ყიფშიძე საბიუჯეტო დაფინანსების თუმანიშვილისა და მარჯანიშვილის თეატრებიდან იღებს, ასევე შემოსავალი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდანაც აქვს, სადაც ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია.
კულტურის მინისტრის განცხადებით, გარდა საბიუჯეტო დაფინანსებისა, ყიფშიძე ასევე “ქართუ ფონდის” გრანტითაც ფინანსდება.
მიხეილ გიორგაძეს კონკრეტულ თანხებზე არ უსაუბრია, თუმცა მისი განცხადებით, ყიფშიძის საერთო შემოსავალი რამდენიმე ათას ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ თუმანიშვილის თეატრის მსახიობი გიორგი ყიფშიძე მამის, ზურაბ ყიფშიძის გაუსაძლის ყოფაზე ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობდა.
“სხვაზე რა გითხრათ, შევუსწარი მამაჩემს ღამით საძინებელში ტიროდა, რა დავაშავე ასეთი სიბერე რომ მაქვსო. 5 ლარს სესხულობს რომ სიგარეტი იყიდოს. ცუდად არის და ვერ ხვდება რით დაიმსახურა, რომ ასეა. ზურა თუ ასეა, მე რა მელის წარმოგიდგენიათ? პოლიტიკაში საერთოდ არ ვერევი, ვერანაირად ვერ მომიხსენიებენ, იმიტომ რომ არანაირი საშუალება არ მაქვს რამე გავაკეთო, იმდენად მხოლოდ მშია!
შვილი რომ მეუბნება, კამფეტი მინდაო, უხერხულ პაუზას ვაკეთებ და თემას ვცვლი. არავის სჯერა რომ თვითონ გშია. გული არ გაქვთო, მწერენ! რა ვუპასუხო, სიგარეტის, დუსტის ფული არ მაქვსო?! დაბალი ღობეც აღარ ვართ მსახიობები, აღარავის ვაინტერესებთ. არადა ამ მთავრობის პრიორიტეტი კულტურა იყო. ეხლა დგანან და ქამრებს მიჭერენ. მე კიდე ქამრის შემოჭერა მინდა? დედას გეფიცები ამ ქამარს ერთი ნახვრეტი მე დავამატე! “ – აცხადებს გიორგი ყიფშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები