ილია მეორე: ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, რომ დღეს ყველამ უნდა მიიღოს წმინდა ზიარება

ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, რომ დღეს ყველამ უნდა მიიღოს წმინდა ზიარება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ყოვლადწმინდა საკათედრო ტაძარში, მსახურების დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა.
„ეს არის ისეთი მნიშვნელოვანი დღე, რომ დღეს ყველამ უნდა მიიღოს წმინდა ზიარება. მოციქულთა შორის წმინდა ზიარება მიიღო იუდა ისკარიოტელმა, მაგრამ იგი წავიდა და გასცა მაცხოვარი. გამცემი გახდა. წმინდა მამები ამბობენ, რომ როდესაც მან მიიღო წმინდა ზიარება, მადლობა არ შესწირა უფალს. მადლობა რომ შეეწირა, ღმერთი აღარ დაუშვებდა ამ საშინელ ღალატს”, – განაცხადა პატრიარქმა.
ამასთან, უწმინდესმა აღნიშნა, რომ ეს დღე განსაკუთრებული დღეა პირადად მისთვის.
”ეს განსაკუთრებული დღეა ჩემთვის. 60 წლის წინ ამ დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ დიაკონის ხარისხში მაკურთხა. ეს იყო უბედნიერესი დღე ჩემს ცხოვრებაში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. სიმშვიდე მოგცეთ უფალმა”, – აღნიშნა ილია მეორემ.
მანამდე სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის წესი შესრულდა.
რიტუალი დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებული წირვის დასრულების შემდეგ დაიწყო.
პატრიარქი თითოეულ სასულიერო პირთან მიბრძანდა და ფეხი დაბანა.
ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა პირველად მოწაფეები საკუთარ სისხლსა და ხორცს აზიარა და ამით ევქარისტიის, ზიარების, საიდუმლო დააწესა.
პასექის ჟამს მაცხოვარმა მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე გასცემდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები