ექიმთა ასოციაცია: საქართველოში თამბქოს მოხმარებას ყოველწლიურად 11 000 ადამიანი ეწირება

საქართველოს ექიმთა ასოციაციამ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს სპეციალური განცხადებით მიმართა. „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექიმებმა განცხადების ტექსი წაიკითხეს, სადაც ნათქვამია, რომ თამბაქოს მოხმარების გამო ათასობით ადამიანი სხვადასხვა დაავადების მსხვერპლი ხდება.
ექიმებმა იმ სტატისტიკაზეც ისაუბრეს, რაც თამბაქოს მოხმარებით არის გამოწვეული. ექიმები თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ. „საქართველოს ყოველი მესამე მოქალაქე თამბაქოს მოიხმარს, აქტიური მოხმარების გარდა პრობლემაა ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყანაში შესაბამისი რეგულაციების არსებობისა და არაეფექტურობის გამო იძულებით ისუნთქავს თამბაქოს მეორად კვამლს. საგანგაშოა, რომ განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ არიან ბავშვები, მოზარდები და ახალგაზრდები. სავალალო სტატისტიკის თანახმად, თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან 200 მლნ იხარჯება, დანარჩენი კი მოქალაქეების ჯიბეებიდან იკარგება.
არსებული სოციოლოგიური კვლევებით ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა თამბაქოსგან თავისუფალ გარემოს და თამბაქოს რეკლამის აკრძალვას ელოდება. სამწუხაროდ, ამაოდ, რადგან 2013 წელს, თამბაქოს კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით დაწყებული უაღრესად მნიშვნელოვანი მოძრაობა შეფერხდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის შესაბამისი სამთავრობო კომისიაც შეიქმნა და სტრატეგია და სამოქმედო გეგმაც დამტკიცდა, საქმე წინ არ წასულა, ისევე, როგორც მანამდე იყო, საქართველო 2006 წლიდან თამბაქოს ჩარჩო კონვენციის წევრია. თუმცა, წლების განმავლობაში საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულება არ სრულდებოდა.
ეს ფაქტი 2013 წლის ივნისში დაადასტურა კონვენციის სამდივნომ. ახლახან იგივე განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა. სასიხარულოა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტმა ინტენსიურად გააგრძელა მუშაობა ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე – რეალურად აღსრულდეს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები და ყველა დახურული ტიპის საზოგადო შენობებსა და ტრანსპორტში, ასევე ზოგიერთ ღია სივრცეში მოწევა აკრძალოს, ასევე აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამა, სპონსორობა და პოპულარიზაცია, გამარტივდეს და გაიზარდოს საჯარიმო სანქციები. ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტი უახლოეს პერიოდში მიიღებს თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველ კანონმდებლობას და დააწესებს მონიტორინგს მის აღსრულებაზე. ეს რეალურად დაიცავს ასეულ ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და გახდება რეალური საფუძველი თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინიციატივის განხორციელებისა, – საქართველო 2030 წლისთვის გახდეს თამბაქოსგან თავისუფალ ქვეყნად ( ანუ თამბაქოს მოხმარება მინიმუმ 5%-ზე დავიდეს). „-განაცხადეს ექიმთა ასოციაციის წევრებმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები