სუს-ი: გამოვლინდნენ პირები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები

კონტრდაზვერვითი ამოცანების სრულყოფილად გადასაჭრელად მუდმივად ხორციელდებოდა ქვეყანაში შექმნილი ოპერატიული ვითარების მონიტორინგი, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიშში.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კონტრდაზვერვითი საქმიანობაა.
„საანგარიშო პერიოდში, სამსახური ახორციელებდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მისწრაფებების გამოვლენას და განეიტრალებას, გადაწყვეტილებების მიმღები პირებისათვის დროული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას, სახელისუფლებო წრეებისა და უსაფრთხოების სტრუქტურების დაცვას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევისაგან. ამასთან, კონტრდაზვერვითი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფო საიდუმლოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების რეჟიმის დაცვაზე, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფაზე. უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები ლეგალური და არალეგალური პოზიციებიდან მუდმივად ცდილობენ შეაღწიონ ხელისუფლების ორგანოებსა და ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში, მოიპოვონ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზე, გადაიბირონ ან/და ჩანერგონ კონკრეტული პირები, მოიპოვონ ინფორმაცია საქართველოს პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში მიმდინარე პროცესების შესახებ. მათ ძირითად მისწრაფებას ქვეყნის საშინაო და
საგარეო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს.
აღნიშნულის გასანეიტრალებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის, გეგმების, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, მოქმედების ფორმებისა და მეთოდების, დაინტერესების ობიექტებისა და კავშირების შესწავლას, ასევე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენას და აღკვეთას.
კონტრდაზვერვითი ამოცანების სრულყოფილად გადასაჭრელად მუდმივად ხორციელდებოდა ქვეყანაში შექმნილი ოპერატიული ვითარების მონიტორინგი. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაზრდილი ნაკადების კონტროლის შედეგად, გამოვლინდნენ პირები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები. დადგენილია მათი კონტაქტები საქართველოს მოქალაქეებთან. მიმდინარეობს აღნიშნული კონტინგენტის ოპერატიული შესწავლა, რათა დროულად იქნას აღკვეთილი შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები სადაზვერვო ინფორმაციისა და შესაბამისად, სასურველი შედეგის მიღებას, არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ე.წ. „რბილი ძალის“ კონცეფციის მიხედვით ცდილობენ. ისინი აქტიურად იყენებენ „სახალხო დიპლომატიის“ და „ინფორმაციული დივერსიის“ კომპონენტებს. აღნიშნულის გასანეიტრალებლად, კომპლექსურად და გეგმაზომიერად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საქმიანობაში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების გამოსავლენად, ასევე, იმ პირთა დასადგენად, რომლებიც შესაძლოა თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.
მათივე ცნობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესის სფეროს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სუბიექტები, ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, ასევე საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და ბაზრის შესწავლა წარმოადგენს. ეკონომიკური შპიონაჟი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ცალკეული კომპანიების საქმიანობას, არამედ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე.
„აღნიშნული საფრთხეების განეიტრალებისა და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების მიზნით, სამსახურის მიერ ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, იმ პირთა გამოვლენა, რომლებიც შესაძლოა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ.
ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩართული სტრუქტურები, რომლებიც მოიპოვებენ და ფლობენ საიდუმლო ინფორმაციას, ავლენენ და ანეიტრალებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების საქმიანობას, თავადაც წარმოადგენენ მოწინააღმდეგის სამიზნეს. საანგარიშო პერიოდში, აღნიშნული მიმართულებით სისტემატიურ რეჟიმში მიმდინარეობდა უსაფრთხოებისა და სადაზვერვო უწყებებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევის თავიდან აცილებისკენ მიმართული საქმიანობა. ასევე, ხორციელდებოდა აღნიშნული უწყებებიდან ინფორმაციის გადინებისა და ამავე უწყებებში დეზინფორმაციის მოხვედრის/გავრცელების პრევენცია, ჯაშუშების შეღწევის არხების გამოვლენა და შესაბამისი კონტრღონისძიებების გატარება.
პერმანენტულად ხორციელდებოდა პრემიერ-მინისტრის, ასევე სხვა სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელების და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირების ინფორმირება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ წარმოებული საქმიანობის შესახებ, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, მოქმედების ფორმებისა და მეთოდების, ასევე მათგან მომდინარე საფრთხეებისა და გასატარებელი კონტრზომების შესახებ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის საქმიანობა მიმართული იყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევის პრევენციაზე, ცალკეულ პირთა დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამოვლენასა და აღკვეთაზე. აღნიშნული მიმართულებით ოპერატიული ღონისძიებები ტარდება 99 პირის მიმართ.
დაინტერესებული ქვეყნების სპეცსამსახურები, აქტიურად ცდილობენ მოიპოვონ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით, გრძელდება მუშაობა შიდა საფრთხეებისა და ინფორმაციის გადინების პრევენციაზე, უსაფრთხოების ზომებისა და პერსონალის
ცნობიერების ამაღლებაზე, აგრეთვე იმ სუბიექტთა გამოვლენაზე, ვინც ცდილობდა ავტორიზებული წვდომა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გამოეყენებინა“, – აცხადებენ სუს-ში.
მათივე ინფორმაციით, ზემოაღნიშნული მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, 164 ორგანიზაცია- დაწესებულებაზე (81-სახელმწიფო დაწესებულება, 83-კერძო სამართლის იურიდიული პირი) გაიცა სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება (ნებართვა- ფორმა №4), ხოლო 12 ორგანიზაცია-დაწესებულებას, გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის გათვალისწინებით, ნებართვის მიღებაზე ეთქვა უარი.
„152 დაწესებულებაში განხორციელდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვების მისაღებად და საიდუმლოების დაცვის რეჟიმისა და საიდუმლო საქმისწარმოების კომისიური შემოწმება.
სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მსურველ 3525 ფიზიკურ პირზე განხორციელდა შემოწმების პროცედურა. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მქონე 468 პირზე განისაზღვრა ნატო-ს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაშვების მიზანშეწონილობის საკითხი; 450 პირს სხვადასხვა დაწესებულებიდან გაეწია მეთოდურ-ორგანიზაციული დახმარება საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვის კუთხით.საანგარიშო პერიოდში, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 17 საქმეზე. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი.
2016 წლის 20 აგვისტოს ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარების ფაქტზე, (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 323 მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე 3231 მუხლის 1-ლი ნაწილით) ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა საქართველოს 7 მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის გაზსადენის ღია მონაკვეთის დაზიანებას აფეთქებით. შვიდივე პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით სხვადასხვა კვალიფიკაციით. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა.
მზარდი გამოწვევებისა და ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების დაცულობას.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცებულია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა, სულ 25 სუბიექტი (მთავრობის 2015 წლის 18 ნოემბრის №584 დადგენილება). 2016 წლის განმავლობაში, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა სამსახურსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს შორის. აღნიშნული უზრუნველყოფს სრულიად ახალი ინსტიტუტის ფუნქციონირებას, რომელიც ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე ითვალისწინებს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის მივლენას შესაბამის დაწესებულებაში. წარმომადგენელი უწევს სათანადო დახმარებასა და კონსულტაციას შესაბამის ორგანიზაციას სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
აღნიშნული ობიექტების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის პროცესში განხორციელდა ცალკეული სუბიექტების (პირებისა და ორგანიზაციების) სრულყოფილი შემოწმება-შესწავლა. ზოგიერთი მათგანის საყურადღებო კავშირების მიმართ განხორციელდა კომპლექსური ღონისძიებები, რის შემდეგაც მოპოვებულია ოპერატიულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. გამოვლენილია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე ცალკეული სუბიექტების მიმართ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაინტერესება და ამ სუბიექტებში სადაზვერვო შეღწევის მცდელობები. მუდმივად მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული მუშაობა მაღალი რისკის მქონე სუბიექტების უსაფრთხოების ამაღლებისა და კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის მიზნით.
საფრთხეების გათვალისწინებით ხორციელდება საქართველოში მოქმედი იმ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და ცალკეული ორგანიზაციების ოპერატიული კონტროლი, რომელთა საქმიანობის სფეროს გრიფით „საიდუმლო“ პროექტებზე მუშაობა, სამრეწველო და სამხედრო დანიშნულების ნივთიერებების წარმოება, შეძენა, შენახვა, რეალიზაცია, გამოყენება, გადაზიდვა და იმპორტ- ექსპორტი წარმოადგენს.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული მიგრაციული პროცესების გათვალისწინებით, მუდმივად მიმდინარეობს მიგრაციული არხების მონიტორინგი. საანგარიშო პერიოდში, გამოიკვეთა უცხო ქვეყნების წარმომადგენლების საქართველოში სხვადასხვა სტატუსით დაფუძნების მსურველთა რაოდენობის ზრდა. შესაბამისად, კონტრდაზვერვითი ღონისძიებები ტარდება საქართველოში დროებით ან მუდმივად მცხოვრები, მუდმივი ბინადრობის ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირების შესწავლის მიმართულებით, რომელთაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან.
საანგარიშო პერიოდში, შესაბამისი მასალების შესწავლისა და გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გამოიკვეთა გარკვეული კატეგორია, რომელთაც უარი ეთქვათ საქართველოში ბინადრობის მინიჭებაზე. გამოვლინდა 1786 პირის მიერ ფიქტიური დოკუმენტაციის წარმოდგენის ფაქტი.
უსაფრთხოების სამსახური 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილების მონიტორინგს, მათ შორის, შესაძლო ოპერატიულად საყურადღებო პირთა და მათი კონტაქტების გამოსავლენად. საანგარიშო პერიოდში, გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 800-მდე მოქალაქეს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები