მარტვილში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები გაიხსნა

მარტვილის ცენტრალურ პარკში, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრეს (ცაავა) ლოცვა – კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და ადგილობრივი ბიზნესმენების მხარდაჭერითა და თანადგომით, საქართველოს ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები საზეიმოდ გაიხსნა. ბიუსტების ავტორი მოქანდაკე მერაბ მეტრეველია, ბიუსტის დადგმის ინიციატორი – მარტვილის საკრებულოს წევრი ირაკლი ჯამბურია.
გახსნის ცერემონიალს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი – კონსტანტინე გამსახურდია, მოწვეული სტუმრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს მათ ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები.
,, 1989 წლის 9 აპრილი დაუვიწყარი თარიღია ქართველი ხალხისთვის. მარტვილში ეროვნული გმირების, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტების გახსნა დღეს, 9 აპრილს სიმბოლურია და გამოხატულებაა მათი პატივისცემისა. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ 9 აპრილს გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ. უღრმესი მადლობა პროექტის ინიციატორებსა და შემსრულებლებს, რადგან ეს დღეც, 2017 წლის 9 აპრილი დაუვიწყარი გახდა მარტვილელებისთვის ,“ – აღნიშნა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები