ვაშინგტონში, თეთრ სახლში დავით ზალკალიანი ფიონა ჰილს შეხვდა

აშშ-ში, ვაშინგტონში, თეთრ სახლში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ევროპისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს, ფიონა ჰილს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით ბაქრაძეც ესწრებოდა.
შეხვედრაზე მხარეებმა  საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე დღის წესრიგი განიხილეს. განსაკუთრებით აღინიშნა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზი გაესვა ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს, მათ შორის, ევროპასთან თავისუფალი სავიზო მიმოსვლის კუთხით, ისევე, როგორც საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. შეხვედრისას მხარეებმა აღნიშნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობა.
ხაზი გაესვა ტრანსპორტირების, ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის კუთხით საქართველოს რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბების, ასევე, ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით აშშ-სთან მჭიდრო, ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ მიღწეულია შეთანხმება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის მორიგი პლენარული სხდომის უახლოეს მომავალში გამართვის თაობაზე. მხარეებმა აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები