ირაკლი კობახიძე ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის ვიცე-სპიკერს შეხვდა

ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის ვიცე-სპიკერს, ფადლი ზონს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ინდონეზიის მხარემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ინდონეზიის წარმომადგენლობითი პალატის ვიცე-სპიკერს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნა შესთავაზა. ინდონეზიის მხარე ირაკლი კობახიძის შეთავაზებას მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ მეგობრობის ჯგუფების ფორმატი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ხალხთაშორისი ურთიერთობის მნიშვნელობა. შეხვედრაზე ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. ქართულმა მხარემ ინდონეზიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის ვიცე-სპიკერს საქართველოში მიმდინარე რეფორმების, აბრეშუმის გზისა და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მხარეები ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები