მსახიობ ანზორ ხერხაძის საიუბილეო საღამო გაიმართა

30 მარტს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მსახიობ ანზორ ხერხაძის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, იუბილარის საპატივცემულ დაიდგა სპექტაკლი, რომელშიც დასის ყველა მსახიობი მონაწილეობდა. ეკრანზე უჩვენეს, ასევე, ანზორ ხერხაძის თეატრალური და კინოროლები.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა, რომელმაც მსახიობს კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. დღესვე, ანზორ ხერხაძე საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან აკაკი ხორავას სახელობის პრემიით დაჯილდოვდა.
ანზორ ხერხაძე – ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუშაობს 1962 წლიდან; დღემდე, ნათამაშები აქვს 224 როლი. გადაღებულია კინოფილმებში: „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე“, „პირველი მერცხალი“, „თბილისი და თბილისელები“, „ბაკულას ღორები“; არის აკაკი წერეთლის, ლადო მესხიშვილის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2010 წელს ქუთაისში მსახიობის ვარსკვლავი გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები