მიხეილ გიორგაძე: როგორც მცხეთა დავაბრუნეთ იუნესკოს სიაში, ისე დავაბრუნებთ გელათსაც

 გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს კულტურისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა მოინახულეს. კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოები წესების სრული დაცვით მიმდინარეობს, სამინისტრო ითვალისწინებს მსოფლიო მემკვიდრეობის ორგანიზაციის რეკომენდაციებს იუნესკოს სიაში გელათის დასაბრუნებლად.
“გელათში ჩატარებული ყველა პროექტი და სამუშაო ზუსტად ითვალისწინებს იუნესკოს და მისი მრჩეველი ორგანიზაციების ყველა რეკომენდაციას. განახლებული მართვის გეგმა და საკონსერვაციო დოკუმენტი გადაცემულია მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრში, რომ ეს დოკუმენტი, წლევანდელ ზაფხულს, კრაკოვის მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე განიხილონ. იმედი მაქვს,  როგორც მცხეთა დავაბრუნეთ იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში, გელათსაც ასევე დავაბრუნებთ.
გელათი 2010 წლიდან საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაშია. დარწმუნებული ვარ, დოკუმენტი, რომელიც წარვადგინეთ, საშუალებას მოგვცემს, ღირსეული ადგილი დავუბრუნოთ გელათს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში”,- განაცხადა გიორგაძემ.
ცნობისთვის, პროექტი „გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია’’ ხორციელდება ,,ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“, ,,საქართველოს მემკვიდრეობის“, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.
პროექტს აშშ-ის საელჩოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები