იაკობ გოგებაშვილის საბავშვო მოთხრობების აუდიოვერსიის მოსმენა ყველას შეუძლია

საქართველოს ეროვნული არქივის ფეისბუქგვერდს – „ეროვნული არქივის აუდიოწიგნები“ უკვე იაკობ გოგებაშვილის საბავშვო მოთხრობები შეემატა. როგორც „კვირას“ ეროვნულ არქივში განუცხადეს, მკითხველს უკვე შეუძლია ამ მოთხრობების მოსმენითაც შეაყვაროს პატარებს ქართული ლიტერატურა. მოთხრობების მოსასმენად ესტუმრებით ბმულს – http://bit.ly/2mrFBbk
საქართველოს იუსტიცის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტის – „აუდიოწიგნების“ ფარგლებში, 2014 წლიდან ეროვნული არქივის ვებგვერდსა და www.soundcloud.com-ზე 18 მწერლის 53 ლიტერატურული ნაწარმოების აუდიოვერსია უფასოდ გახდა ხელმისაწვდომი,  ასევე პროექტისათვის შეიქმნა www.facebook.com-ის სპეციალური გვერდი – ეროვნული არქივის აუდიოწიგნები.
ქართველი მწერლების ნაწარმოებების აუდიოვერსია 1960-2014 წლებშია შექმნილი და ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში ინახება. ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის, ჭაბუა ამირეჯიბისა და სხვათა ნაწარმოებებს კითხულობენ მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გიორგი გეგეჭკორი, გურამ საღარაძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე, ტარიელ საყვარელიძე და ლიტერატორი თამაზ კვაჭანტირაძე.
„აუდიოწიგნები“ „ზღაპრების აუდიობიბლიოთეკის“ შემდეგ მეორე პროექტია, რომელიც მსმენელს ეროვნულ არქივში დაცულ მასალებზე უფასო ხელმისაწვდომობას სთავაზობს. პროექტები, პირველ ყოვლისა, შექმნილია მოზარდებისა და განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები