რა შემთხვევაში არ შეექმნება პრობლემა საქართველოს მოქალაქეს შენგენის ქვეყნებში შესვლაზე

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მოქალაქეებს განმარტავს, თუ არ შემთხვევაში არ ექნებათ მათ საზღვარზე პრობლემა ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელად.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ “იმედის დროს” განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქემ, რომელიც აპირებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მოგზაურობას, მესაზღვრეს ყველა საჭირო დოკუმენტი და დასაბუთება წარუდგინოს. მინისტრის თქმით, მოქალაქეებს 90 დღის განმავლობაში შენგენის წევრ ქვეყნებში შესვლა უვიზოდ, როგორც სასწავლებლად, ასევე სხვა მიზნებისთვისაც შეუძლიათ.

“პირველ რიგში, ეს არის აღიარება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების, რეფორმების. ჩვენ ამით ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ასოცირების შეთანხმების შემდეგ, ვიზალიბერალიზაცია, ეს არის კონკრეტული შედეგის მომტანი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს არის შესაძლებლობა, რომ განვითარდეს უფრო მეტი ბიზნესკონტაქტი, შესაძლებელი იყოს რომ ჩვენმა მცირე და საშუალო მეწარმეებმა შეძლონ თავიანთი პარტნიორების მოძიება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ასევე, ეს არის შესაძლებლობა ჩვენი ხელოვანებისთვის. ეს არის შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რომელთაც შეუძლიათ მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამებით, სტაჟირებით ისარგებლონ და 90 დღის განმავლობაში ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით. პირველ რიგში აუცილებელია, რომ მიზანი იყოს განსაზღვრული და მოქალაქემ, რომელიც მიემგზავრება ევროკავშირში შეძლოს მესაზღვრეს აუხსნას თუ რა მიზნით მიდის ამა თუ იმ ქვეყანაში. მიზანი შეიძლება მხოლოდ ემსახურებოდეს მოკლევადიან ვიზიტს. ეს შეიძლება იყოს სასწავლო, სამედიცინო, ბიზნესმიზნები და ა.შ”,- აცხადებს ჯანელიძე.

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა 553-მა 66-ის წინააღმდეგ, 28-მ თავი შეიკავა.

ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველ ეტაპზე ქართული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვდა. მეორე ფაზა ევროპულ კანონმდებლობასთან უკვე დაახლოებული ქართული კანონების აღსრულებას და მის მონიტორინგს გულისხმობდა. ევროკავშირი აკვირდებოდა შესრულდებოდა თუ არა ის კანონები, რომლებიც სამოქმედო გეგმის ფარგლებში იყო მიღებული და საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიცემის საკითხსაც ამის შემდეგ გადაწყვეტდა.

მას შემდეგ რაც საქართველომ ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, ევროკომისიამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, დადებითი რეკომენდაცია მისცა. მოგვიანებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ე.წ. შეჩერების მექანიზმი, რაც გულისხმობს, რომ თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს 6 თვის განმავლობაში შეექმნება გარკვეული სახის პრობლემები, რომლებიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდება, და ამ პრობლემებს თავად ვერ გაუმკლავდა, უფლება ექნება მიმართოს ევროპულ კომისიას თხოვნით, რომ მესამე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მოქმედება დროებით შეაჩეროს. თუ ევროკომისია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ მესამე ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი 6 თვის ვადით შეჩერდება.

სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონაში და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში, ასევე უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან. საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები