მამუკა მდინარაძე: არცერთი იურიდიული საფუძველი პრეზიდენტის ვეტოს გაზიარების არ არსებობს

დარწმუნებული ვარ, დავძლევთ ვეტოს, – ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ განმარტა, არცერთი იურიდიული საფუძველი პრეზიდენტის ვეტოს გაზიარების არ არსებობს.
„დარწმუნებული ვარ, დავძლევთ ვეტოს, არა იმიტომ, რომ რაღაც პოლიტიკური კეკლუცობა იყოს, ქალბატონი სოფიოსი არ იყოს, არა იმიტომ, რომ მართლაც პოლიტიკური კინკლაობის ეფექტი შეიძინა ამ ყველაფერმა. არა იმიტომ, რომ არ იცავენ არანაირ სუბორდინაციას, არანაირ დღის წესრიგს, არანაირ სამართლებრივ ნორმებს და გვიბარებენ შეხვედრებზე, როდესაც არის კომიტეტის სხდომები ჩანიშნული, გვიბარებენ შეხვედრებზე, როდესაც არის სასესიო დღე და პლენარული სხდომებია ჩანიშნული. ამაზე ჩვენ გავცემთ პასუხს, ეს იქნება პოლიტიკური მესიჯები, შეიძლება ზედმეტიც იყოს და ხანდახან ვფიქრობთ, რომ ხომ არ წავუყრუოთ ამ ამბავს იმიტომ, რომ რაღაც თამაშს დაემსგავსა, იმიტომ, რომ არცერთი იურიდიული საფუძველი ამ ვეტოს გაზიარების არ არსებობს.
საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ კანონი, სადაც ასჯერ უფრო, რა თქმა უნდა, უტრირებულად, გაცილებით დახვეწილია და გამრავლებულია მექანიზმები, როგორც უსაფრთხოების გამოწვევის კუთხით, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისი აღსრულება კიდევ მეტ გარანტიას შესძენს ამ ყველაფერს, ამიტომ დღეს ვეტო აუცილებლად დაიძლევა გამომდინარე იმ არგუმენტებისა, რაც ჩამოგითვალეთ და არამხოლოდ პოლიტიკური მდგენელიდან, იურიდიული მდგენელიდან პოლიტიკურთან ერთად“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები