სეტყვის სეზონის დაწყებამდე “დელტა” კახეთის მთელ რეგიონში საინფორმაციო კამპანიას მართავს

14 მარტიდან 1 აპრილამდე – სეტყვის სეზონის დაწყებამდე, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტა“ კახეთის მთელ რეგიონში საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. კამპანიის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმირებაა.
როგორც „კვირას“ „დელტადან“ აცნობეს, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში იმართება შეხვედრები ადგილობრივ თვითმმართველობებთან, გამგებლის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში – ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ თელავში არსებულ და მოქმედ ადმინისტრაციულ შენობებზე და შენობის შიგნით, თვალსაჩინო ადგილას, იკვრება და ვრცელდება საინფორმაციო შინაარსის საკომუნიკაციო მასალები – პლაკატები და ფლაერები.
საინფორმაციო მასალები ვრცელდება საჯარო თავშეყრის ადგილებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, საინფორმაციო მასალები ასევე განთავსდება კახეთის რეგიონში არსებულ სკოლებში.
სსსტც „დელტა“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის ცენტრის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ 80-ზე მეტი სოფლის წარმომადგენელს და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გადასცეს მათ საინფორმაციო ფლაერები და პლაკატები. შეხვედრებს აშუქებს რეგიონული მედია. კამპანიაში აქტიურად ჩაერთო სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მიაწვდის ფლაერებს კომუნალური გადახდის ქვითრებთან ერთად. ანალოგიური შინაარსის პლაკატები განთავსდება სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის” 8 სერვის-ცენტრში.
„დელტას“ წარმომადგენლები ყოველდღიურად მართავენ შეხვედრებს კახეთის სხვადასხვა რაიონში და ადგილობრივ მოსახლეობას გადასცემენ ფლაერებს და პასუხობენ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კითხვებს.
სსსტც „დელტა“-ს საინფორმაციო კამპანია 14 მარტს დაიწყო და 1 აპრილს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები