ნატო ჩხეიძე: იმედი მაქვს, მინისტრთა კაბინეტი ხელს არ შეუწყობს 14 აპრილის მსგავსი გმირული დღისთვის შესაბამისი ვითარების შექმნას
ფრაქციის – „საქართველოს პატრიოტები“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნატო ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოლეგებს საქართველოს მოქალაქეების ერთი ჯგუფის, კერძოდ, ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელთა წუხილი გააცნო და აღნიშნა, რომ ამ ინსტიტუტში დაცული ისტორიული ექსპონატები ყოვლად შეუფერებელ პირობებშია.
„ისტორიის ინსტიტუტის მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე დაცულ ძეგლთა ნუსხაში არსებულ შენობას წინა ხელისუფლების დროს მოუხსნეს ეს სტატუსი, მიჰყიდეს სამშენებლო კომპანია „M კვადრატს“, რომელიც „საქართველოს ბანკის“ შვილობილი კომპანიაა და რომელიც, ალბათ, რაღაც ბევრად უკეთესის აშენებას გეგმავდა. ისტორიის ინსტიტუტი კი გადაიყვანეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ქვემოთ არსებულ სივრცეში და დღესაც ექსპონატები – ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ წლების განმავლობაში მოპოვებული უნიკალური მასალა ყუთებში ჩაწყობილი აწყვია დერეფნებში. მივლინების, ექსპედიციის და კონფერენციების დაფინანსება რომ შემცირებული აქვთ, ეს კიდევ ცალკე თემაა,“ – აღნიშნა ნატო ჩხეიძემ და იმედი გამოთქვა, რომ განათლების მინისტრი ამ პრობლემას დროულად მიხედავს.
„იმედი მაქვს, ბატონი განათლების მინისტრი, რომელიც ალბათ, გარკვეული დამსახურებების გამო ვიცე-პრემიერის რანგში აიყვანეს, შესაბამისად, თვალსაწიერიც გაუფართოვდება და ბერკეტებიც, სახელმწიფო მოხელის ბერკეტებს ვგულისხმობ, სასწრაფოდ მიხედავს ამ პრობლემას, ანუ ჩვენი უნიკალური ექსპონატების დაბინავებას შესაფერის ადგილზე,“ – აღნიშნა ნატო ჩხეიძემ. დეპუტატი პლენარულ სხდომაზევე კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. კერძოდ, ჩხეიძის თქმით, უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის მეცნიერები წლებია, უშედეგოდ ითხოვენ ქართული ენის, როგორც სასწავლო საგნის სწავლების აღდგენას მათ ფაკულტეტზე, რომელიც აგრეთვე, წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა. „მოგეხსენებათ, რომ ქართული ენის სწავლების გაუქმება ნიშნავს ქართული ენის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაკნინებას. მივმართავ ბატონ განათლების მინისტრს და სხვა მინისტრებიც თუ მოისმენენ, ურიგო არ იქნება, რომ 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მღელვარება სხვა არაფერი იყო, თუ არა ხალხის პასუხი ქართული ენის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დაკნინების მცდელობაზე. 14 აპრილი ერთ-ერთი გმირული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში და დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი ხელს არ შეუწყობს ახალი გმირული დღისათვის შესაბამისი პირობებისა თუ ვითარების შექმნას,“ – აღნიშნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნატო ჩხეიძემ.