ნინო გვეტაძე და ქართველი მუსიკოსები ლონდონში დიდი წარმატებით გამოდიან

დღეს, 20 მარტს, ლონდონის სახელგანთქმულ „ვიგმორ ჰოლში“ ქართველი პიანისტი ნინო გვეტაძე, კლარნეტისტ ანელინ ვან ვაუვესთან ერთად, შეასრულებს პულენკის სონატას კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის. პროგრამაში ასევე აჟღერდება დებიუსის, შუმანისა და ბრამსის ნაწარმოებები.
როგორც „კვირას“ ლონდონიდან ჟურნალისტმა გიორგი ლალიაშვილმა აცნობა, ნინო გვეტაძე ცნობილი ქართველი მუსიკოსების – ვერონიკა თუმანიშვილის, ნოდარ გაბუნიასა და ნანა ხუბუტიას მოწაფეა, რომელმაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შემდეგ წარმატებით განაგრძო პროფესიული განსწავლის პროცესი ევროპაში, კერძოდ, ჰააგისა და ამსტერდამის კონსერვატორიებში და მას შემდეგ, არაერთხელ ისახელა თავი კონკურსებში. ამასთან, მალევე მოიპოვა გამორჩეული შემსრულებლის რენომე საკონცერტო გამოსვლებით ევროპის მუსიკალურ ცენტრებში.
გიორგი ლალიაშვილის ინფორმაციითვე, 26 მარტს, დილით, პიანისტი თამარ ბერაია გამართავს მუსიკალურ დებიუტს „ვიგმორ ჰოლში“, შუადღით კი პიანისტ ანანო გოკიელისა და ბარიტონ მანუელ ვალსერის კონცერტი შედგება. თამარ ბერაია მუსორგსკის „სურათებს გამოფენიდან“ და შუმანის „კარნავალს“, ამ ორ საფორტეპიანო შედევრს ირჩევს თავისი პირველი წარდგინებისთვის.
ფორტეპიანოს აღიარებული ვირტუოზი ანანო გოკიელი შვეიცარიელ ბარიტონ ვალსერთან ერთად წარდგება მსმენელის წინაშე, ისინი ჰუგო ვოლფის, რეიფ ვოგან ვილიამზისა და რიჰარდ შტრაუსის ნაწარმოებებს შეასრულებენ.
„ვიგმორ ჰოლის“ წლევანდელ სეზონში უკვე შესამჩნევად გაიბრწყინეს ქართველმა მუსიკალურმა ტალანტებმა. იანვარსა და თებერვალში აქ დიდი წარმატება ხვდათ წილად სოპრანო მარია ქაცარავას, პიანისტებს – გიორგი ჩლაიძეს, ლუკა ოქროს (ოქროსცვარიძე) და მსოფლიოში აღიარებულ პიანისტს – ლიზა ლეონსკაიას. ევროპის კლასიკური ქვეყნების შემდეგ, საქართველო ნამდვილად საჩინო ადგილს იჭერს ლონდონის მუსიკალურ ავანსცენაზე, რასაც ყველა ამჩნევს და ამ პაწია ქვეყნის ამოუწურავი მუსიკალური საბადოთი გაოცებას ვერ მალავს“, – ამბობს გიორგი ლალიაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები