ირაკლი კობახიძე: აღმასრულებელი ხელისუფლების თავშეკავებას აქვს თავისი ობიექტური საფუძველი

„აღმასრულებელი ხელისუფლების თავშეკავებას აქვს თავისი ობიექტური საფუძველი, თუმცა ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, ობიექტური საფუძველიც არ იყოს გამორიცხული”, – ასე განმარტა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტის წევრების პარლამენტში გამოუცხადებლობის ფაქტორი.
ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან კონტროლის განხორციელებას ხარვეზები აქვს, ვინაიდან ხშირად ეს ყველაფერი გამომდინარეობს პარტიული სისტემის და ინსტიტუციონალიზაციის დაბალი ხარისხიდან.
”რაც შეეხება უმცირესობის, ოპოზიციის მხრიდან კონტროლს, ეს ხარვეზები, რომელიც არის დაკავშირებული ამ მიმართულებასთან, გამომდინარეობს პარტიული სისტემის, ინსტიტუციონალიზაციის დაბალი ხარისხიდან. რეალურად, ის, რომ მაგალითად, მინისტრები ხშირად თავს იკავებენ პარლამენტში მოსვლისგან, უმცირესობის, ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, ამას ხშირ შემთხვევაში, ობიექტური საფუძველი აქვს და ეს საფუძველი არის ის, რომ ნაკლებად არის ასეთი დისკუსიები საგნობრივი, ორიენტირებული კითხვებზე პასუხის მიღებაზე, გარკვეული დასკვნების გამოტანაზე. ასეთი შეხვედრების ორგანიზება უფრო არის ორიენტირებული გარე აუდიტორიაზე და გარე ეფექტის შექმნაზე. ეს არის ობიექტური რეალობა და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აღმასრულებელი ხელისუფლების თავშეკავებას აქვს თავისი ობიექტური საფუძველი, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება, ობიექტური საფუძველიც არ იყოს გამორიცხული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
​პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, აღნიშნული სუბიექტური მიზეზები ძალიან თვალსაჩინო იყო „გაზპრომთან“ მიმართებაში, როცა ვიცე-პრემიერი კახა კალაძე არ დათანხმდა უმცირესობის მოთხოვნას პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით.
”ხელშეკრულება შეიცავდა საიდუმლო ნაწილსაც. როდესაც შენ ვერ საუბრობ საიდუმლო ნაწილზე და ამის გარეშე გიწევს დებატებში შესვლა ოპონენტთან, ბუნებრივია, არაფერი რჩება ამ დებატებისგან, გარდა პოლიტიკური ნაწილისა. თუ ვერ გაშალე მთავარი ასპექტი ამ დისკუსიაში, მას აზრი ეკარგება. ეს ცხადყოფს, რომ ხშირად პრობლემებს აქვს მიზეზები”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ​
​პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, იგივე ეხება საგამოძიებო კომისიების შექმნის პრაქტიკასაც.
​”ხშირად ინიციატივიდანაც ჩანს ხოლმე, რომ ის ემსახურება არა საკითხის გამოძიების მიზანს, არამედ გარე ეფექტის ჩამოყალიბების მიზანს, რაც კიდევ ერთი ხარვეზია მთლიანად საპარლამენტო კონტროლისა”, -განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები