კოკა ცქიტიშვილი ესპანეთის პოპულარულ კინოფესტივალზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა
ბლუზმენი კოკა ცქიტიშვილი ესპანეთის ქალაქ მარბელაში რუსული კინოს საერთაშორისო ფესტივალზე – MIRFF იმყოფება.
როგორც მან პორტალ „კვირას“ განუცხადა, მილიონერების ქალაქად ცნობილ მარბელაში 5 წლის განმავლობაში ტარდება რუსული კინოს საერთაშორისო ფესტივალი, წლევანდელი საიუბილეო ფესტივალის დახურვაზე იგი სტუმრის სტატუსით მიიწვიეს, მესამე ფესტივალზე კი ჟიურის წევრი იყო.
„ჩვენი ჯგუფი Koka & T.Blues Mob და მე მეორე ფესტივალზე გამოვედით, ამის გარდა, მე ვიყავი მესამე კინოფესტივალის – MIRFF-ის ჟიურის წევრი და ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკა“ გამარჯვებულს პრიზი გადავეცი“, – აღნიშნა ბლუზმენმა.
პირველად ესპანეთში, რუსულენოვანი ესპანური რადიო RusRadioMarbella-ს დამაარსებლის, მარია ვიბერლის (Maria wibberley) მიწვევით ჩავიდა. სწორედ ეს კომპანია ატარებს რუსული კინოს საერთაშორისო კინოფესტივალს. მას შემდეგ თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება. კოკა ცქიტიშვილი რადიო RusRadio Marbella-სთან ერთად 2014 წელს ბლუზის ფესტივალის Blues Summit-Cherry Blues დამფუძნებელი გახდა. ეს ფესტივალი წელს უკვე მესამედ იმართება.
„ჩვენ ხელშეკრულება დავდეთ, ისინი წარმოადგენენ ჩვენს ინტერესებს ანდალუსიის მხარეში და კონცერტების ჩატარებას უზრუნველყოფენ… უკვე ორი ფესტივალი გაიმართა და წელს, სექტემბერში, მარბელაში მესამედაც ჩატარდება. ამის შესახებაც ვისაუბრეთ. ესეც ჩემი აქ ჩამოსვლის ერთ-ერთი ფაქტორი იყო.
– როგორ ჩაიარა კინოფესტივალმა… ვინ გაიმარჯვა? როგორც ცნობილი გახდა, მათ შორის ჩვენი თანამემამულეც არის…
– MIRF ახალი თანამედროვე რუსული კინოს პოპულარული ფესტივალია და წელს ვარსკვლავები იყვნენ ჩამოსულნი. კინოფესტივალზე წელს ცნობილი ვარსკვლავები ჩამოვიდნენ – როგორც ყოფილი საბჭოთა სივრცის მსახიობები, ისე ესპანური კინემატოგრაფიის პრეზიდენტი. საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა, მრავალი ადამიანი ესწრებოდა.
კინოფესტივალზე ცნობილი მსახიობები, პროდიუსერები და შოუ ბიზნესის ვარსკვლავები ჩამოვიდნენ: ტატიანა ტარასოვა, ულამაზესი ქალბატონი ირინა ბეზრუკოვა, რეჟისორი და პროდიუსერი გოშა კუცენკო…
სხვათა შორის, წელს გამოირჩეოდა ფესტივალის პროდუქცია. ჟიური კულტურის, ხელოვნებისა და კინოს ცნობილი მოღვაწეებისგან იყო დაკომპლექტებული. მათგან აღსანიშნავია ბორის ბერმანისა და ილდარ ჟანდარევის ცნობილი ჟურნალისტური ტანდემი…
ჟიურიში იყო, ასევე, რუსეთის კომპოზიტორთა კავშირის მდივანი ანდრეი ბატურინი, რომელმაც ფესტივალის დაჯილდოების გახსნისა და დახურვის უვერტიურა დაწერა. ჟიურის უცვლელი წევრი იყო ვალენტინა მიხალევა – რუსეთის მხრიდან კანის კინოფესტივალის კონსულტანტი…
ფესტივალს ძალიან ბევრი ესპანური კომპანია ჰყავდა სპონსორად. დიდი ინტერესი გამოიწვია ესპანურ მასმედიაში. მეცენატი და ფესტივალის ერთ-ერთი თანასპონსორი კონსტანტინე ლოსკუტნიკოვი, ბარონი ფონ ბოსნერი იყო. მასთან ვმეგობრობ. იგი ცხოვრობს ბერლინში და ძალიან ცნობილი პიროვნებაა.
კინოფესტივალის დახურვა კაზინო Admiral San R oque-ში ჩატარდა.
კინოფესტივალზე ჩვენ წელს არ გამოვდიოდით, რადგან ვიწყებთ მზადებას ბლუზის მესამე ფესტივალისთვის, რომელიც სექტემბერში აუცილებლად ჩატარდება.
„საუკეთესო ფილმად“ რეჟისორ ივან ტვარდოვსკის ფილმი „ზოოლოგია“ აღიარეს, ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ პეტრ ფედოროვმა გაიმარჯვა, „ქალის საუკეთესო როლი“ კი ირინა ვერბიცკაიას ერგო. აღსანიშნავია, რომ ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისორი“ ჩვენმა თანამემამულემ ნიკოლოზ ხომერიკმა გაიმარჯვა ფილმით „ყინულმჭრელი“. ნომინაციის „საუკეთესო პროდიუსერი“ გამარჯვებული დიმიტრი რუჟენცოვია, „მაყურებლის სიმპათიის“ პრიზი კი – გოშა კუცენკოს ფილმს „ექიმს“ გადაეცა.