ნინო ანანიაშვილს „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა

 ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელს, ნინო ანანიაშვილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, პრიმა-ბალერინა ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვეს.
საბალეტო გალაკონცერტი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის მონაწილეობით გაიმართა და მისი სასცენო მოღვაწეობის 35 წლისთავს მიეძღვნა. კონცერტში ალექსანდრ ვოლჩკოვი მოსკოვის თეატრიდან და საბალეტო დასის სოლისტები და მოცეკვავეები მონაწილეობდნენ. პროგრამაში იყო პ. ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავის“ მესამე მოქმედება, გრან-პა (Grand Pas) ლუდვიგ მინკუსის ბალეტიდან „დონ კიხოტი“ და ჯორჯ ბალანჩინის ერთმოქმედებიანი ბალეტი „სერენადა“. გალაკონცერტში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტები და კორდებალეტი.
2004 წლის სექტემბრიდან ნინო ანანიაშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელია, პარალელურად იგი ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელსაც ხელმძღვანელობს. ათი თეატრალური სეზონის განმავლობაში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, სამოცამდე საბალეტო სპექტაკლი და მინიატურა დაიდგა.
თეატრის რეპერტუარში წარმოდგენილია როგორც კლასიკური ბალეტების ახალი რედაქციები, ასევე ჯორჯ ბალანჩინის, ფრედერიკ ეშტონის, ავგუსტ ბურნონვილის, ირჟი კილიანის დადგმები. საბალეტო დასთან თანამშრომლობენ ქორეოგრაფები ალექსეი რატმანსკი, ალექსეი ფადეეჩევი, იური პოსოხოვი, თრეი მაკინტაერი, სტენტონ უელში, იორმა ელო და სხვები.
საბალეტო დასის გამოსვლებს დიდი წარმატებები ქონდა გასტროლებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში (2007, 2008 და 2010 წლებში), იაპონიაში (2007, 2010, 2012), ეგვიპტეში, იტალიაში, ესპანეთში, ესტონეთში, ტაივანში, ეკვადორში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინასა და ბელარუსში. 2008 წელს ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასმა ჰერალდ ენჯელსის პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა.
ნინო ანანიაშვილი მსოფლიოში ერთადერთი ბალერინაა, რომელიც ოთხ უმაღლეს საერთაშორისო საბალეტო ჯილდოს ფლობს: ვარნის (ბულგარეთი) X საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალს (1980), მოსკოვის IV საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის (1981), მოსკოვის V საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალს (1985), ჯექსონის (აშშ) III საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის (1986).
ნინო ანანიაშვილი საქართველოსა (1989) და რუსეთის სახალხო არტისტი (1995),ზურაბ ანჯაფარიძისა და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1993), საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერია (2010). დაჯილდოებულია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდოთი – „სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის“ (2001).
ნინო ანანიაშვილი პირველი ბალერინაა, ვისაც ხელოვნების დარგში მიღწევებისათვის რუსეთის ეროვნული პრიზი „ტრიუმფი” გადაეცა (1992). ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა „წლის საუკეთესო ქალბატონის“ წოდება მიანიჭა (1997), გადაეცა საფრანგეთის მეფეთა შტოს მემკვიდრის – პრინცესა მარია დე ბურბონის მიერ დაწესებული საერთაშორისო პრემია „ოქროს ქალღმერთი” (1999). დასახელებულია ჟურნალ “Dance Magazine”-ის პრიზის მფლობელად (2002). ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევისათვის საქართველოში არჩეულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩად (2007). იტალიის პრეზიდენტმა პრიმა–ბალერინა დააჯილდოვა იტალიის სოლიდარობის ვარსკვლავის ორდენით (2011).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები