„სხვა საქართველო“ – ქუთაისში ქართველების სპარსეთში გადასახლების 400 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნება

16 მარტს, 17:00 საათზე, ქუთაისის „თი-ბი-სი ბანკის“ საგამოფენო სივრცეში ფოტოგამოფენა „სხვა საქართველო“ გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენა ეძღვნება ქართველების სპარსეთში გადასახლების 400 წლისთავს და წარმოდგენილი იქნება მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბ „თეთნულდის“ წევრების: არჩილ გეგენავას, გიორგი ენუქიძის და გიორგი ჯანელიძის ფოტოები, რომელზეც ასახულია კლუბის 12-დღიანი მოგზაურობის ნაწილი ფერეიდანში.
მოგზაურთა კლუბ „თეთნულდის“ წევრების ექსპედიცია (ირაკლი ჯულაყიძე, მათე  ჯულაყიძე, გიორგი  ენუქიძე,  გიორგი  ჯანელიძე  და  არჩილ გეგენავა) იანვარში ირანში იმყოფებოდა. ექსპედიციის შემადგენლობაში ფერეიდანში მცხოვრები 5 ქართველიც იყო.
შაჰრამ ონიკიძემ, ჰამედ რაჰიმმა და გიორგი ენუქიძემ ექსპედიციის ფარგლებში მწვერვალი შაჰანკუჰი დალაშქრეს, რომელიც ზღვის დონიდან 4040 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ეს იყო მთამსვლელთა პირველი  ექსპედიცია, როდესაც  ქუთაისელმა  და  ფერეიდნელმა  ქართველებმა  მთის მწვერვალები  ერთად  დაიპყრეს.
ექსპედიციის მთავარ მიზანს ფერეიდნელი ქართველების  გაცნობაც იყო, თუ როგორ ცხოვრობენ და შეინარჩუნეს ტრადიციები.
ფოტოები პირველად   ქუთაისში  გამოიფინება, თუმცა  „თეთნულდის“ წევრები აპირებენ, რომ გამოფენა  სხვა  ქალაქებშიც  გაიმართოს. ისინი ფერეიდანში მოგზაურობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის მომზადებასაც აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები