ილია ვერძაძე: ამ ტერიტორიაზე, იმდენი რაოდენობის ქვა არ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ ის მობილიზებული და მოტანილი არ იქნებოდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ქართული ოცნება – მაჟორიტარების თავმჯდომარე ილია ვერძაძე „კურიერის“ პირდაპირ ეთერში ბათუმში მომხდარი არეულობის საკუთარ ვერსიებზე საუბრობს.
„ძალიან სამწუხარო ფაქტს ჰქონდა გუშინ ადგილი ბათუმში, თუმცა მე მინდა ავღნიშნო, რომ ხელისუფლების მხრიდან სწორი და ადეკვატური რეაგირება იყო, რაც დადასტურდა კიდეც სოციალურ ქსელებში გამოხმაურებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და ეს დადასტურდა კიდეც გუშინ. ისეთ ფაქტებს არ ჰქონდა ადგილი სახელმწიფოს მხრიდან, რამაც შეიძლება ჩიხში შეიყვანოს პროცესი,“ – განაცხადა ილია ვერძაძემ.
მისი თქმით, ძალიან ბევრი იყო მაპროვოცირებელი მოქმედებები დესტრუქციული ქმედებებისკენ.
„ჩვენი შვილები ასეთ მაპროვოცირებელ მოქმედებებში არ უნდა ჩართოს არავინ, ეს იქნება ჩვენი ოპონენტი ძალა, ეს იქნება კერძო პირი თუ სხვა. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბათუმს ჰქონდეს სტაბილურობის და მშვიდობის განცდა, იმიტომ რომ ეს არის საკურორტო ქალაქი. მე ვფიქრობ, რომ კომპლექსურად ჩვენ გავართვით თავი ამ პრობლემას, თუმცა ვერ ვიტყვი მოწინააღმდეგე მხრის მაპროვოცირებელ ელემენტებზე იგივეს,“ – განაცხადა ილია ვერძაძემ.
ვერძაძე არ აკონკრეტებს, რომელ ჯგუფებზე და კერძოდ რომელ ოპონენტებზე აქვს საუბარი, რომელმაც მისი თქმით, მაპროვოცირებელ ქმედებები განახორციელა.
„ამ ტერიტორიაზე, იმდენი რაოდენობის ქვა არ შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ ის მობილიზებული და მოტანილი არ იქნებოდა. არ შეიძლებოდა მაშხალები ყოფილიყო აქ იმდენი, რომელიც პირდაპირ დამიზნებით იყო მიმართული სამმართველოს მიმართულებით. სწორედ ამიტომ ვვარაუდობთ ჩვენ, რომ სპონტანურად დაწყებული აქცია, რომელიც შემოიფარგლებოდა მხოლოდ დაკავებულთა მშობლების პროტესტით და მათი მხარდამჭერებით, რომელიც პრაქტიკულად იყო მოგვარების სტადიაში, ლოგიკურად არ უნდა გადაზრდილიყო იმ ქმედებებში, რაშიც გადაიზარდა,“ – აცხადებს ილია ვერძაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები