ეკა ბესელია ბათუმში განვითარებული მოვლენების უკან „ნაციონალური მოძრაობის“ კვალს ხედავს

უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია ბათუმში წუხელ განვითარებულ პროცესებს გმობს და აქციის მონაწილეთა ქმედებებში „ნაციონალური მოძრაობის“ კვალს ხედავს.
„ასეულობით აქციის მონაწილე ვყოფილვარ, ორგანიზატორიც და მართლაც მრავალათასიან მომიტინგეთა შორის 6 წელი სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს შიშველი ხელებით ვუპირისპირდებოდით. არასოდეს მახსოვს არც ერთი ძალადობრივი ეპიზოდი! არც ერთი! მაშინ როცა ტყვიების ზუზუნში ვიდექი, დაცხრილული მქონდა რეზინის ტყვიებით ტანსაცმელი და სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ – არასოდეს ხელი არ წასცდენია არც ერთ ჩვენგანს ძალადობრივი ქმედებებისკენ. ბათუმის მოვლენები – ეს “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერაა!“, – წერს ეკა ბესელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა.
აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, პოლიციელებს ქვებს უშენდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ახალგაზრდების ჯგუფმა პოლიციის რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს, დააზიანეს ინფრასტრუქტურა.
ბათუმში ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია.
ბოლო ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქციის დროს დაშავებულმა 34-მა პაციენტმა მიმართა, მათ შორის 15 პოლიციის თანამშრომელია.
გამოძიება დაიწყო 225-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, მასობრივი არეულობა და პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა და შესაბამისად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე და ოთხიდან შვიდ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები