შს მინისტრი ბათუმის მოვლენებზე: ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებების აუცილებლობას ვერ ვხედავ

ჩემს მიერ დეტალურად იქნება შესწავლილი ყველა ის პრეტენზია, რასაც ბუხრაძის მისამართით გამოთქვამენ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის ახალი უფროსის კახაბერ ბუხრაძის მიმართ გამოთქმული კრიტიკის თაობაზე განაცხადა.
გიორგი მღებრიშვილი ამ ეტაპზე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში საკადრო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ვერ ხედავს.
”შესაძლებელია ვინმეს მისამართით, ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, მაგრამ ის რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს ყოველგვარ ზღვარს სცდება. პროტესტის გამოხატვის ამგვარი ფორმა კატეგორიულად მიუღებელია. ჩემს მიერ დეტალურად იქნება შესწავლილი ყველა ის პრეტენზია, რასაც ბუხრაძის მისამართით გამოთქვამენ. მე არ გამოვრიცხავ საკადრო ცვლილებასაც, მაგრამ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
ბათუმში ვითარება 11 მარტს საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა.
აქციამ აჭარის შს სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ, პოლიციელებს ქვებს უშენდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ახალგაზრდების ჯგუფმა პოლიციის რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს, დააზიანეს ინფრასტრუქტურა.
ბათუმში ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია.
ბოლო ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქციის დროს დაშავებულმა 34-მა პაციენტმა მიმართა, მათ შორის 15 პოლიციის თანამშრომელია.
გამოძიება დაიწყო 225-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, მასობრივი არეულობა და პოლიციელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა და შესაბამისად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე და ოთხიდან შვიდ წლამდე.
ბოლო მონაცემებით დაკავებულია 40-მდე ადამიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები