მარიამ ჯაში ეროვნულ სკრინინგცენტრს ეწვია

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ეროვნულ სკრინინგცენტრს ეწვია და სკრინინგის პროგრამის პოპულარიზაციის მიზნით, ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები, გულსაბნევი “სიბრძნის მარგალიტი” გადასცა.
მარიამ ჯაშმა, სკრინინგის პროგრამის ბენეფიციარებთან საუბრისას, ძირითადი აქცენტი გააკეთა ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე.
„ქალთა ჯანმრთელობის პროფილაქტიკისთვის სიმსივნის საწყის სტადიაზე გამოსავლენად და შესაბამისად, მკურნალობის ეფექტურობის გარანტიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა, მით უფრო, რომ ეს გამოკვლევები პაციენტებისთვის უფასოა და მთლიან ხარჯს სახელმწიფო ფარავს. ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტარ ქალთა ჩართულობა სკრინინგის პროგრამების პოპულარიზაციისთვის. რაც უფრო მეტი ქალბატონი ჩაერთვება სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის სიმსივნის რეგულარულ სკრინინგში, რომელიც ორ-სამ წელიწადში ერთხელ უნდა გაკეთდეს, მით უფრო ნაკლებად გვექნება გართულებული და შორს წასული შემთხვევები და შესაბამისად, გამოსავალი იქნება ბევრად უფრო სახარბიელო“, – განაცხადა დეპუტატმა.
ეროვნული სკრინინგცენტრის დირექტორის, რემა ღვამიჩავას თქმით, „ქალბატონი მარიამის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერის გამოხატულებაა, რომელიც მიზნად ისახავს სკრინინგის პროგრამის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ამ მიმართულებით, პარლამენტარ ქალთა ჩართულობის გაზრდას.“
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს პარლამენტარ ქალთა შორისაც გაავრცელოს “სიბრძნის მარგალიტი”, რომელიც ევროპის საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ასოციაციის ოფიციალური სიმბოლოა და 2008 წლიდან, ამ დაავადების სკრინინგის საერთაშორისო კამპანიაში გამოიყენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები