ძიუდოს ფედერაციის პროექტი „საბავშვო ძიუდო“ მალე საბავშვო ბაღებში განხორციელდება

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ახალი პროექტი – „საბავშო ძიუდო“, მალე საბავშვო ბაღებში შევა და პატარებს სპორტის ამ სახეობის შესახებ შესაბამის განათლებას მისცემს.
რეგიონებში პროექტი თელავის საბავშვო ბაღებიდან დაიწყება და მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.
დიღმის ძიუდოს აკადემიაში გამართულ ვარჯიშს დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაესწრნენ.
პროექტმა  ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მოწონებაც დაიმსახურა.
ბავშვებს სხვადასხვა ვარჯიშები და თამაშები შესთავაზეს და ქართველ სპეციალისტებს გამოცდილება გაუზიარეს თბილისში მყოფმა ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის ინსტრუქტორებმა – ენვიკ გალეამ და ტიბორ კოზლამ.
„ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოირჩევა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებით. ამის დასტურია ეს პროექტიც, რომელიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს საშუალებას აძლევს სპორტს ეზიარონ. მნიშვნელოვანია, რომ ამ წამოწყებაში ჩართულია საერთაშორისო ფედერაცია. ჩვენი პრიორიტეტია მასობრიობა და ამ კუთხით ეს პროექტი გამორჩეულია. ფედერაციას დაგეგმილი აქვს პროექტის განხორციელება რეგიონებშიც, რაც სამომავლოდ ამ პროექტს კიდევ უფრო მიმზიდველს და პოპულარულს გახდის“, – განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის განცხადებით, პროექტი საპილოტე ხასიათს ატარებს, რომელიც სამომავლოდ, საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.
„პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ბავშვების, ისე მშობლების მხრიდან, ეს არის ერთგვარი საპილოტე პროექტი და უახლოეს მომავალში ჩვენ ვაპირებთ საბავშვო ბაღებში შესვლას. ვიწყებთ თელავიდან და ეტაპობრივად, მთელ საქართველოს მოვიცავთ. ბავშვებს ადრეულ ეტაპზევე მივცემთ შესაბამის განათლებას, რითაც სამომავლოდ ვუბიძგებთ პროფესიულ სპორტში ჩართვისკენ“, – განაცხადა დავით ქევხიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები