ამირან სალუქვაძე: საზოგადოება ბოლო 15 წლის განმავლობაში, საინფორმაციო ტერორის ქვეშ იმყოფება

“საზოგადოება ბოლო 15 წლის განმავლობაში, საინფორმაციო ტერორის ქვეშ იმყოფება”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
სალუქვაძის აზრით, ზოგიერთი პოლიტიკური თოქ-შოუ და საინფორმაციო გამოშვება, რეიტინგის მოპოვების მიზნით, მოვლენების დრამატიზებას ახდენს.
„ძალიან ბევრ თემაზე ვცდილობ, არ დავწერო. გუშინ რამდენჯერმე დავიწყე და წავშალე. საზოგადოება ბოლო 15 წლის განმავლობაში, საინფორმაციო ტერორის ქვეშ იმყოფება. ამას ემატება სოციალური ქსელები და მათზე ავადმყოფური დამოკიდებულება. აღარც სასულიერო დღესასწაულები ვიცით, აღარც საერო. 8 მარტი იყო და ქალთა უმრავლესობა ფეისბუქში ზიზღის და აგრესიის ენით წერდა. ალბათ ჩვენი ბრალიცაა, მამაკაცების. იმის მაგივრად, რომ ქალებს დღესასწაული მოვუწყოთ, ჩვენც იგივეთი ვართ დაკავებულები.
ზოგიერთი პოლიტიკური თოქ-შოუ ან საინფორმაციო გამოშვება ისეთი ანონსებით იწყება, გეგონება ქვეყანა ინგრევა, ქუჩაში სისხლისღვრაა, ყველაფერი ჩამოქცეულია… რატომ და რისთვის ამდენი აგრესია, რეიტინგისთვის? თუ საზოგადოების ასეთ დამუხტვას კონკრეტული პოლიტიკური შემადგენელი და მიზანი გააჩნია? ბრმა არ ვარ, არც განათლება მაკლია და არც ცხოვრებისეული გამოცდილება. ძალიან კარგად ვიცი რა კეთდება და რა ფუჭდება. ამ ყბადაღებული ხეების არ იყოს, ერთი ნორმალური სიუჟეტი არ გაკეთებულა რა კეთდება კარგი და მართლა, რეალურად რა ფუჭდება. მხოლოდ ნეგატივი მოსახლეობის გასაგიჟებლად. შეიძლება, ადამიანი მთელი დღე ჩასაფრებული იყოს კამერით და ელოდებოდეს, როდის წაიქცევა ხე, გადაიღოს და “გაახაროს” სრულიად საქართველო (რასაც ვწერ, სრული სიმართლეა)?
ხეების გადარგვის თემაზე, თუ ვინმეს გაინტერესებთ, ფოტოებიც გადავიღე და ყველაფერი გავარკვიე, რა ხდება, ყველა გაუვალ ადგილას ვიყავი. თუ გაინტერესებთ, მოგიყვებით, რადგან 5% ინფორმაციაც არ გაქვთ ამ თემაზე. გუშინ გვიან ღამით ერთმა ფბ მეგობარმა მკითხა, 22 საუკუნეში ქართველი ერი თუ ვიარსებებთო. დამაჯერებლად ვუპასუხე, აუცილებლად-მეთქი. მაგრამ მე ხომ ვიცი (თქვენც იცით), რომ ერთ-ერთი ის ერი ვართ, რომელიც გადაჯიშებისკენ კატასტროფული სიჩქარით მიემართება? აგრესია, სტრესები, უიმედობა და სხვა ათასგვარი უბედურება პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს მოსახლეობის განწყობებზე, რაც დემოგრაფიაზე არანაკლებ ზეგავლენას ახდენს, ვიდრე ეკონომიური სიდუხჭირე.
​არავის ვმოძღვრავ. ჩემს მეგობრებს და ყველას, ვინც წაიკითხავს კი ვურჩევ: შევამციროთ საინფორმაციო ნაკადებზე, სოციალურ ქსელებზე, ათასგვარ გაზეთებზე დამოკიდებულება, მეტი დრო დავუთმოთ სულიერი საზრდოს მიღებას (კინო, თეატრი, მუსიკა, წიგნები, ხელოვნება…), მეტად ვისეირნოთ, ადრე დავიძინოთ და ადრე გავიღვიძოთ, მეტად მოვეფეროთ ახლობლებს. ერთ თვეში იგრძნობთ, რომ ცხოვრება არც ისე ნაცრისფერია, როგორც გვეჩვენება. საინფორმაციო დიეტას გთავაზობთ. იმატებს ჯანმრთელობა, შობადობა, განწყობა… იკლებს მხოლოდ წონა. ვხუმრობ, თუმცა, ყველა ხუმრობაში არის ხუმრობის წილიც“, – წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები