ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე ირაკლი ბათიაშვილმა სასამართლოს სკანდალური ჩვენება მისცა

„ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიის დათმობა მნიშვნელოვანი იყო პირადად მიხეილ სააკაშვილისთვის,“ – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იბერიას“ ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევისა და დახურვის საქმის განხილვისას, ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა.
ბათიაშვილის თქმით, სააკაშვილი „იბერიას“, რომელიც დამოუკიდებელი ტელევიზიაა, ვერ აკონტროლებდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ მის მფლობელებზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით მოეხდინა. მოწმის განცხადებით, ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ სხვა კომპანიებშიც სპეცრაზმი უშუალოდ სააკაშვილის მითითებით შევიდა.
„ყველაფერ ამას ბევრი მიზანი ჰქონდა. ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ ხელისუფლებას უნდოდა, საზოგადოება დაეშინებინა. საერთოდ, ეს პირველი იერიში იყო დამოუკიდებელ მედიასა და ბიზნესზე,“ – აღნიშნა სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, ირაკლი ბათიაშვილმა.
მისივე თქმით, სააკაშვილი და მისი გუნდი ცდილობდნენ, რომ ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების საკონტროლო პაკეტი. სწორედ ამ მიზნით, ბათიაშვილის თქმით, ზაზა ოქუაშვილთან რამდენჯერმე ბადრი პატარკაციშვილი მივიდა. ამავე კონტექტსში, ბათიაშვილმა ქიბარ ხალვაშიც ახსენა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ორი ადამიანი აწარმოებდა მოლაპარაკებას და ეუბნებოდა ზაზა ოქუაშილს, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების წილები დაეთმო.
„თავიდან ლაპარაკი 51 პროცენტზე იყო, თუმცა შემდეგ პროცენტები გაიზარდა და საბოლოო ჯამში, 60-65 პროცენტს ითხოვდნენ. ამ წილის უმეტესობა თავად სააკაშვილზე უნდა გადაფორმებულიყო, რაზეც ზაზა ოქუაშვილმა უარი განაცხადა. სწორედ ამის გამო მოხდა ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფში“ სპეცრაზმის შეჭრა,“ – აღნიშნა მოწმე ირაკლი ბათიაშვილმა.
შეგახსენებთ: მთავარმა პროკურატურამ „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო, თუმცა ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმე, რომელსაც მთავარი საგამოძიებო უწყება სამი წელი იძიებდა და რომელზეც ბრალი ყოფილ გენერალურ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს, ასევე, მის ყოფილ მოადგილე გიორგი ლაცაბიძეს აქვთ წაყენებული, ცალკე წარმოებად გამოიყო. ამ ხნის განმავლობაში, არაერთი მოწმე დაიკითხა, გამოძიებას ჩვენებები „ომეგა ჯგუფის“ და შესაბამისად, ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებმაც მისცეს. „იბერიას“ საქმე განსახილველად სასამართლოს 2016 წლის ზაფხულში გადაეცა. „ომეგა ჯგუფის“ საქმის გამოძიება კი მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე გრძელდება.
„იბერიას“ ლიცენზია 2013 წელს მოდიფიცირებული სახით (სპეციალიზებული/გასართობი) დაუბრუნდა. ტელევიზია ეთერში ერთი წლის წინ, საერთო მაუწყებლობით დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები