“პროკურატურაში მამა გიორგი მამალაძის სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებული სეიფი გახსნეს”

“პროკურატურამ ადვოკატების მოთხოვნა გაუთქმელობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა”, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.
ბრალდებულის ადვოკატები პროკურატურაში იმყოფებოდნენ, სადაც რამდენიმე წუთის წინ საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.
ადვოკატის თქმით, დღეს პროკურატურაში მამა გიორგი მამალაძის სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებული სეიფი გახსნეს, სადაც სასულიერო პირის ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ აღმოჩნდა.
„მამა გიორგის სახლიდან ამოღებული სეიფი, რომელიც გაიხსნა და იქ არაფერი არ აღმოჩნდა აბსოლუტურად,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მიხეილ რამიშვილის თქმით, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებას გაეცნო.
„ქალბატონი შორენა თეთრუაშვილის ჩვენებები, ორი ჩვენება, პირდაპირ უთითებს იმას, რომ კიდევ ერთხელ გავმეორდები და ვიტყვი, გონიერება თუ ეყოფათ, საქმე უნდა შეწყვიტონ,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მისი თქმით, შორენა თეთრუაშვილის მიმართ მამა გიორგი მამალაძეს არანაირი ანგარება არ ამოძრავებდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მათ შორის რაიმე საკითხზე კამათი არ უნდა ნიშნავდეს დაპირისპირებას.
მიხეილ რამიშვილი ე.წ. ციანიდის საკითხს „დაგეგმილ საქმეს”უწოდებს .
„გარდა ამისა, არის ძალიან ბევრი ისეთი ნიუანსი, რომელიც შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ეს არათუ რამე გარკვეულ პრობლემას ემსახურება და არსებულ პრობლემას საპატრიარქოში, მე უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ცოტა არაპროფესიონალურად, მაგრამ ცოტა დაგეგმილს ჰგავს,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები