განათლების შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა იწყება

განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში სტუდენტების უკეთესი უფლებებისთვის კანონპროექტზე საუბრობს. კანონპროექტი სტუდენტების უკეთესი უფლებებისთვის რეგისტრირებულია.

„მე პირობა მივეცი სტუდენტებს, რომ კანონპროექტი დარეგისტრირდებოდა და ვასრულებ ჩემს დანაპირებს. დარწმუნებული ვარ, რომ აუდიტორია 115-ის წევრები საპასუხო ნაბიჯს გადმოდგამენ: დასრულდება მეექვსე კორპუსის პიკეტირება და 800-ზე მეტ სტუდენტს მიეცემა სწავლის შეუფერხებლად გაგრძელების საშუალება”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

პარლამენტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე განხილვის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კანონპროექტი ეფუძნება 20-ზე მეტი ქვეყნის გამოცდილებას. მისი მიზანია, გაუმჯობესდეს თითოეული სტუდენტის უფლება, თანაბრად იყოს ჩართული უნივერსიტეტის მართვის პროცესებში და საკუთარი ჩართულობით, ხელი შეუწყოს სვლას უკეთესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებისკენ.

„სამთვიან მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული თვითონ სტუდენტები, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი განმარტებით, კანონპროექტი 4 ძირითად ცვლილებას ითვალისწინებს: პირველი ეხება უფლებას, რომ ყველა სტუდენტი პირდაპირი წესით იყოს არჩეული ფაკულტატურ საბჭოში.

„დღეს ასეთივე წესი მოქმედებს სენატის წევრების არჩევის პროცესში, რომ არ მოხდეს არჩევის წესებს შორის გათანაბრება და ფაკულტატურ საბჭოში მონაწილეობისთვის არ იყოს აუცილებელი სტუდენტური თვითმმართველობის წევრობა“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისი ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკვე შეცვალა უნივერსიტეტის დონეზე ფაკულტატური არჩევის წესი. კანონპროექტით, იგივე უფლება გავრცელდება ყველა სტუდენტზე, ქვეყნის მასშტაბით. მეორე ცვლილების თანახმად, არა მხოლოდ ბაკალავრიატის სტუდენტებს, არამედ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებსაც მიეცემათ უფლება, იყვნენ არჩეული სენატში და ფაკულტატურ საბჭოებში პროპორციულად, იმის მიხედვით, რამდენი სტუდენტიც სწავლობს თითოეულ საფეხურზე.

„ეს არის ლოგიკური ცვლილება, რადგან მეორე და მესამე საფეხურის სტუდენტს უფრო გამოცდილი და ღირებული პოზიცია შეიძლება ჰქონდეს სწავლების პროცესების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით“, – განმარტა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მესამე ცვლილებით, ყველა სტუდენტს მიენიჭება უფლება, თანაბარი წვდომა ჰქონდეს უნივერსიტეტის ინდივიდუალური და ერთობლივი სტუდენტური ინიციატივების დაფინანსებაზე.

„ეს ცვლილება არ ეხება უშუალოდ სტუდენტური თვითმმართველობის დაფინანსებისთვის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილ სახსრებს, რაც ისედაც უნივერსიტეტის გადასაწყვეტია“, – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მისივე ინფორმაციით ეს ცვლილება უკვე განახორციელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს გრანტი კონკრეტული ინიციატივისთვის, შესაბამისი განხილვის პროცედურებისა და გამარჯვების შემთხვევაში.

მეოთხე ცვლილება ეხება კანონის 45-ე მუხლს, თუმცა, მარიამ ჯაშის განცხადებით, მოთხოვნა სტუდენტური თვითმმართველობების გაუქმების თაობაზე არ არის გათვალისწინებული. კანონპროქტის თანახმად, თითოეული უნივერსიტეტის დონეზე დარჩება სტუდენტების წარმომადგენლობის 1 წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც უნდა აირჩიოს სტუდენტების არანაკლებ 10%-მა.

„ამ ეტაპზე, შეგვიძლია უფრო მეტი არჩევანის უფლება მივანიჭოთ სტუდენტებს და უშუალოდ უნივერსიტეტის დონეზე გადაწყდეს, თუ რა სახელსა და სტრუქტურას აირჩევენ სტუდენტური ორგანიზაციისთვის – სტუდენტურ თვითმმართველობას, კლუბს, ასამბლეას თუ სხვას“, – განმარტა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები