ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამუშაო ჯგუფმა გერმანიაში შეხვედრები გამართა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამუშაო ჯგუფმა გერმანიაში საქმიანი შეხვედრები გამართა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სამუშაო ჯგუფის წევრები წიგნის ბაზრობის მთავარ პავილიონს, მუზეუმებს, თეატრებსა და საგამოფენო სივრცეებს სტუმრობდნენ. თითოეული სფეროს კურატორმა გერმანელ პარტნიორებთან შეხვედრები გამართა და 2018 წელს საქართველოს, როგორც სტუმარი ქვეყნის პროგრამის დეტალები გააცნო. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს – საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამასა და მის მოსამზადებელ სამუშაოებს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
2018 წელს საქართველო საერთაშორისო პლატფორმაზე მასშტაბური კულტურული პროგრამითაც წარდგება. პროგრამის სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი დავით დოიაშვილია. პავილიონის კონცეფციაზე თანამედროვე ქართველი ხელოვანი, მხატვარი თამარ კვესიტაძე მუშაობს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ყველაზე პრესტიჟული და დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა არა მარტო ლიტერატურულ და საგამომცემლო, არამედ ზოგადად, კულტურულ სფეროში.
ყოველწლიურად ბაზრობა 700 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 500-წლიანი ისტორია აქვს და ყოველი წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ფრანკფურტის საგამოფენო სივრცეში ტარდება. ღონისძიებას პირველი სამი დღის განმავლობაში მხოლოდ საქმიანი ვიზიტორები სტუმრობენ, ხოლო ბოლო ორ დღეს ბაზრობა ღიაა ფართო საზოგადოებისთვის. 5 დღის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ თავიანთ საერთაშორისო პარტნიორებს, დაამყარონ და განავითარონ საქმიანი ურთიერთობები.
ყოველწლიურად, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დაახლოებით 9000-მდე საერთაშორისო აკრედიტებული ჟურნალისტის მიერ შუქდება. ქართულმა მხარემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან მოლაპარაკებები 2010 წელს დაიწყო, ხოლო ოფიციალურად შეთანხმება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას შორის 2014 წელს გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები