„წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველს მრავალი განსაცდელი შეხვდა – ერთ-ერთი უმძიმესი იყო ის, რომ მას საკუთარმა შვილმა უღალატა“

 წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველს მრავალი განსაცდელი შეხვდა – ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ მას საკუთარმა შვილმა უღალატა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
“წმინდა მეფემ, დავით წინასწარმეტყველმა ასე თქვა: მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა. წარმოიდგინეთ, დავით მეფე ამბობს: მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა. ეს მან თქვა იმიტომ, რომ მრავალი განსაცდელი შეხვდა. ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ მას საკუთარმა შვილმა უღალატა. მაგრამ მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა. მწუხარება სიხარულით შეიცვლება და ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ მწუხარება სიხარულით შეცვალოს”, – ბრძანა პატრიარქმა. მან მრევლს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა და მართლმადიდებლობის ზეიმის მნიშვნელობაზე იქადაგა.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე საყურადღებოა იმითაც, რომ მსოფლიოს საპატრიარქომ ამ დღეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია სცნო. „100 წლის განმავლობაში გრძელდებოდა ბრძოლა ხატების წინააღმდეგ. 100 წლის შემდეგ მეშვიდე მსოფლიო კრებამ განაწესა, რომ ხატის თაყვანისცემა კერპთაყვანისცემა არ არის. არამედ ეს არის მადლი ღვთისა, რომელსაც ღმერთი ადამიანს მოუვლენს. ჩვენ ქართველები ბედნიერები ვართ, რომ პირველმა ჩვენ მივიღეთ, ჩვენ ჩაგვაბარა ჩვენ გვაჩუქა და დაგვაჯილდოვა ხატებით უფალმა. გახსოვთ, როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას წილად საქართველო ერგო, მას მაცხოვარი გამოეცხადა და უთხრა – ხატი გაუგზავნე შენი და შემდეგ ეს ხატი იქნება საქართველოს მფარველიო, რადგან მოახლოებული არს შენი გარდაცვალება.
ღვთისმშობელმა დედამ სახეზე მიიდო ფიცარი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახე გამოისახა. აწყურის ღვთისმშობელი გამოისახა მაცხოვართან ერთად. ეს იმას ნიშნავს, რომ ხატი არის სასუფევლის კარიბჭე, ხატის საშუალებით ჩვენ ვხედავთ სასუფეველს. მადლობა უფალს, რომ მან მრავალი ხატი გვაჩუქა, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები