“საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა წაერთვათ უფლება, თავად აირჩიონ ქვეყნის პრეზიდენტი”

„პარლამენტის სპიკერის განცხადება, საკონსტიტუციო კომისიის მიერ ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩემთვის დასანანი იყო“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებას, სადაც ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების წევრებს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე მმართველი გუნდის ხედვა გააცნო. ​
​როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, იგი საქართველოს მოქალაქეებს აქტიურ და ფართო ფორმატებს შეუქმნის, სადაც ისინი საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს, ამა თუ იმ საკითხზე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა წაერთვათ უფლება, თავად აირჩიონ ქვეყნის პრეზიდენტი.
„სპიკერის გუშინდელი განცხადება საკონსტიტუციო კომისიის მიერ ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩემთვის დასანანი იყო, რადგან ნათლად დაფიქსირდა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში არა კონსტიტუციის შინაარსობრივ და სიღმისეულ გადახედვასთან გვაქვს საქმე, არამედ საუბარი არის კონკრეტული პოლიტიკოსის, კონკრეტული პოლიტიკოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებასთან. როდესაც საუბარია იმაზე, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონკრეტულად ერთი პოლიტიკოსის, კონკრეტულად მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, ეს ნათლად აჩვენებს, რომ მოტივაცია პროცესისა არის არა კონსტიტუციის შინაარსობრივი გადახედვა, არამედ ამ კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული შეხედულებები.
მაგრამ გავიხსენოთ ჩემი პოზიცია საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით. მე არასდროს არ შევსულვარ დეტალებში, ამა თუ იმ შეხედულებების განხილვისას, რამეთუ სულ ორი პოზიცია დავაფიქსირე: პირველი – ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას პრეზიდენტის არჩევის უფლება და მეორე – კონსტიტუციის გადახედვის პროცესში ქართველ ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავისი პოზიციის დაფიქსირებისა არა მარტო პრეზიდენტთან დაკავშირებით, არამედ, მთლიანად, საჯაროდ, საზოგადოდ, იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩვენი თანაცხოვრების მთავარი დოკუმენტი.
მინდა მადლობა ვუთხრა საზოგადოებას, იმიტომ, რომ პირველი მიზანი, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი წაერთვას ხალხს , ეს მიზანი არ იქნა მიღწეული და თქვენი, საზოგადოების აქტიურობით, თქვენი პოზიციის ნათლად დაფიქსირებით, დაიცავით როგორც ეს ინსტიტუტი, ასევე, თქვენი უფლება, რომ აირჩიოთ ქვეყნის პრეზიდენტი. ეს არის ის ბრძოლა, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოიგო.
მეორე მიზანს მივაღწევ და საქართველოს მოქალაქეებს შევუქმნი აქტიურ და ფართო ფორმატებს, იმისთვის, რომ მათ არა მარტო პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, არამედ საზოგადოდ, ქვეყნის, თანაცხოვრების, პოლიტიკური ცხოვრების მოწყობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით დააფიქსირონ თავიანთი ნათელი შეხედულებები და ეს შეხედულებები იქნეს არა სადღაც მიჩქმალული, არამედ გაზიარებული, მოსმენილი და იმედია, შემდეგ გადატანილი საკონსტიტუციო გადახედვის პროცესში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის როლთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დღევანდელი რეალობა გარკვეულწილად აცდენილია საპარლამენტო სისტემის ძირითად პრინციპს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პირველ რიგში, არ მოხდეს აღმასრულებელი კომპეტენციების აღრევა და გადაფარვა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. მისივე თქმით, 2010 წლის რეფორმის შემდეგ, პრეზიდენტის უფლებამოსილებები იმდენად შეზღუდულია უკვე, რომ კონსტიტუციის შესაბამისი თავიდან რომელიმე მუხლის ამოღება შეუძლებელია.
​ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლა უნდა მოხდეს 7 წლის შემდეგ.
„თითქმის არ ვეხებით ჩვენ სტატუსს. თითქმის არ ვეხებით ჩვენ პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. რაც შეეხება არჩევის საკითხს, ის ბუნებრივია, პრინციპული მნიშვნელობისაა და კიდევ ერთხელ გახდა ეს ყველაფერი სპეკულაციების საგანი. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა დავანახოთ ყველას, რომ ამოცანა არ არის ამ კონკრეტულ მოცემულობაში, კონკრეტულ პერსონალიებთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი – და ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, საბოლოო წერტილი, სადაც გვინდა, რომ მივიდეთ – ეს წესი უნდა ამოქმედდეს მოგვიანებით, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შვიდი წლის თავზე, ჩვენ გადავიდეთ არაპირდაპირი არჩევის წესზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განმარტებით, არაპირდაპირი და პირდაპირი არჩევნები კომპეტენციებს არ ცვლის.
„კომპეტენციები გაწერილია მოქმედი კონსტიტუციით, თუმცა არასწორი ინტერპრეტაცია ეძლევა ხოლმე ხშირად იმ უფლებამოსილებებს, გამომდინარე არსებული პირდაპირი არჩევის წესიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმისთვის, რათა საბოლოო მიზანი იქნას მიღწეული და ჩამოყალიბდეს ქმედითი და ჯანსაღი საპარლამენტო სისტემა, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი საბოლოოდ იყოს არჩეული არაპირდაპირი წესით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები