ეკა ბესელია: ეს იყო კომიკური პასაჟი, რომ თურმე სასამართლო გადაწყვეტილებას შეიძლება წერდეს ან დეპუტატი ან მინისტრი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია უარყოფს მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებას,  რომ  თითქოს მან და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ჯერ კიდევ გუშინ დაწერეს „რუსთავი 2“-ის საქმეზე დღეს  გამოტანილი გადაწყვეტილება.
ბესელიას შეფასებით, აღნიშნული ტიპის განცხადებებს სასოწარკვეთილი ადამიანები აკეთებენ.
„უზენაესის სასამართლოს დიდი პალატის ცხრავე მოსამართლე როდესაც ერთ პოზიციაზე დგება და იღებს გადაწყვეტილებას, რომ „რუსთავი 2″ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, აქ კითხვების და ეჭვების გამოხატვა  არის მხოლოდ და მხოლოდ იმ მხარის სივრცე, რომელიც თვლის, რომ ამ პროცესში დამარცხდა. ეს იყო კომიკური და არასერიოზული პასაჟი, რომ თურმე სასამართლო გადაწყვეტილებას შეიძლება წერდეს ან დეპუტატი  ან მინისტრი. ეს არის სასოწარკვეთილი ადამიანების ძალიან უბადრუკი განცხადება. მე პასუხის ღირსადაც არ მიღირს ასეთი ტიპის ბოდვა. ეს არ არის სერიოზული ნაწილი, მაგრამ სერიოზული არის ის, რომ ტელევიზიას უნდა ჰქონდეს და ექნება შესაძლებლობა, რომ იმუშაოს ყოველგვარი პარტიული და პოლიტიკური გავლენების გარეშე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% შპს „პანორამას“. დიდმა პალატამ, ასევე, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 5000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები