ქიბარ ხალვაში: დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადავუფორმებ იმდენ წილს, რამდენზეც მოლაპარაკებული ვიყავით

ქიბარ ხალვაში, რომელიც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ -ის მფლობელი გახდა, აპირებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადაუფორმოს ტელეკომპანიის წილი, რამდენზეც ისინი შეთანხმებულები იყვნენ. ამის შესახებ ქიბარ ხალვაშმა „მოამბეში“ განაცხადა.
კონკრეტულად რამდენ პროცენტიან წილზეა საუბარი, ხალვაში აქიმიძესა და დვალის შეუთანხმებლად არ ახმაურებს.
„დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს გადავუფორმებ იმდენს, რამდენზეც მოლაპარაკებული ვიყავით. მგონია, რომ გაუგებრობას ადგილი არ ექნება. კონკრეტულად რამდენ პროცენტიან წილზეა საუბარი, მათთან შეუთანხმებლად ოფიციალური განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ, მათგან განსხვავებით“, – განაცხადა ხალვაშმა.
კითხვაზე, დარჩება თუ არა ამ შეთხანხმების შემდეგ საკონტროლო პაკეტი ხალვაშს ხელში, ის აცხადებს, რომ შეეცდება ტელევიზია იყოს ისეთი, როგორიც მას წარმოუდგენია.
„ტელევიზიას ისე არ მოვექცევი, რომ ის სხვისი კონტროლის ქვეშ მოექცეს და შევეცდები, ის ისეთი იყოს, როგორც წარმომიდგენია“,- განაცხადა ხალვაშმა.
დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძესთან ერთად გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაშთან შეთანხმება იყო ტელეკომპანიის 50%-სა და მართვის უფლებაზე.
უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% შპს „პანორამას“.
დიდმა პალატამ, ასევე, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 5000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები