ქიბარ ხალვაშის ადვოკატი სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრში დაარეგისტრირებს

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალიას განცხადებით, სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ ისინი გადაწყვეტილებას საჯარო რეესტრში მიიტანენ.
როგორც სალიამ ”რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნა, მას ამ დრომდე არ ჰქონია საუბარი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშთან.
“როცა ჩაგვბარდება გადაწყვეტილება, მივიტანთ საჯარო რეესტრში, შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში. უზენაესი სასამართლო, მოგეხსენებათ, მსჯელობს მხოლოდ სამართლებრივ ნაწილზე და არა ფაქტობრივ გარემოებებზე. მოსამართლეებმა რამდენ საათში, როგორ მიიღეს, ნამდვილად ჩემთვის უცნობია. მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რა და როგორ იმსჯელა სასამართლომ, ეს ალბათ გამოჩნდება იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც დასაბუთებული იქნება. ჯერ არ მისაუბრია და როდესაც დაველაპარაკები, ვკითხავ მისი გეგმების შესახებ. ალბათ განცხადებას აუცილებლად გააკეთებს”, – განაცხადა პაატა სალიამ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ კომპანია მიეკუთვნა ქიბარ ხალვშს.
9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები