ირაკლი კობახიძე: ჩვენ უნდა დავიცვათ ჟურნალისტების უფლებები
მთავარი არის შემდეგი – ვინც არ უნდა იყოს მესაკუთრე, როგორც არ უნდა იყოს გადანაწილებული საკუთრებითი უფლებები მედიის სფეროში, იყოს დაცული მედიაპლურალიზმი, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას “რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები, მედიაპლურალიზმი უნდა იყოს უზრუნველყოფილი და თითოეული ჟურნალისტის, ყველა ტელეარხის, ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტის ინტერესები იყოს დაცული.
„მედიაპლურალიზმი არის ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მიღწევა. ჩვენ გვახსოვს რა მდგომარეობა იყო ამ კუთხით 2012 წლამდე. იყო 3 ნაციონალური ტელეარხი, რომელიც მთლიანად კონტროლდებოდა მაშინდელი მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და ეს ვითარება ახლა არის რადიკალურად შეცვლილი.
მედიაპლურალიზმი ის მიღწევაა, რომელიც ამ ხელისუფლებას მიეწერება, შესაბამისად ჩვენ მას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საქართველოში როგორც არ უნდა განვითარდეს პროცესები, მედიაპლურალიზმი იყოს უზრუნველყოფილი და თითოეული ჩვენგანისთვის ყველა ტელეარხის, ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტის ინტერესები იყოს დაცული. ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს.
რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჩვენ კიდევ ერთხელ დავაკვირდებით პროცესების განვითარებას. მთავარი არის შემდეგი – ვინც არ უნდა იყოს მესაკუთრე, როგორც არ უნდა იყოს გადანაწილებული საკუთრებითი უფლებები მედიის სფეროში, იყოს დაცული მედიაპლურალიზმი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს მედიაში ხელისუფლების ოპონირება. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მედიაპლურალიზმს და ამას აუცილებლად გავაკეთებთ და ჩვენ უნდა დავიცვათ ჟურნალისტების უფლებები“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ კომპანია მიეკუთვნა ქიბარ ხალვშს.
9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.