გიორგი მარგველაშვილმა მინსკში გამარჯვების მონუმენტი გვირგვინით შეამკო და სახელმწიფო მუზეუმი დაათვალიერა
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დელეგაციასთან ერთად, მინსკში გამარჯვების მონუმენტი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. გამარჯვების მონუმენტთან საქართველოს პრეზიდენტი მინსკის მერთან, ანდრეი შორეცთან ერთად იმყოფებოდა. საქართველოსა და ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, დელეგაციის წევრებმა მარადიული ცეცხლის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, „დიდი სამამულო ომის” ბელორუსიის რესპუბლიკის სახელმწიფო მუზეუმიც დაათვალიერეს, სადაც ქვეყნის პირველ პირს და დელეგაციას სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა, დიმიტრი შლახინმა პირადად უმასპინძლა. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.