საქართველოსა და ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ბელორუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ლიდერებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში განხილული საკითხების შესახებ ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილმა ბელარუს კოლეგას და ხალხს მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ განვიხილეთ ის ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი, რომელიც საქართველოში თქვენმა ვიზიტმა შექმნა ქართულ-ბელორუსიულ ურთიერთობებში.
თქვენი ვიზიტის შემდეგ საქართველოში გაიხსნა ბელარუსის რესპუბლიკის საელჩო, აქტიურად დაიწყო განვითარება ვაჭრობის სფეროში ურთიერთობებმა, გაიზარდა ტურისტების რიცხვი.
მიხარია, როცა მესმის, რომ ბელარუსი მომავალშიც მზად არის გააღრმავოს ურთიერთობა საქართველოსთან და გამოიყენოს მთელი ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ჩვენს ერებში, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა.
ჩვენ მიმოვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები წარმოების სხვადასხვა სფეროებში, ვაჭრობის ზრდა, ტურისტების რაოდენობის ზრდა, კულტურისა და განათლების სფეროებში ჩვენი თანამშრომლობის შესაძლებლობათა გაღრმავება.
დღეს მთავრობის წევრებმა და ჩვენ ხელი მოვაწერეთ ახალ დოკუმენტებს, რომლებიც მეტ შესაძლებლობებს შექმნიან ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
ნება მომეცით, მადლობა გითხრათ იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბელარუსი ქართული სახელმწიფოსთვის ახორციელებს და დაგარწმუნოთ, რომ ქართულ-ბელარუსული ურთიერთობები მომავალშიც კიდევ უფრო გაღრმავდება.
გმადლობთ, ამ ძალიან საინტერესო და ინტენსიური დიალოგისთვის, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ დიალოგს სერიოზული პოტენციალი გააჩნია”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, კავკასიიის რეგიონში საქართველო ბელარუსისათვის პერსპექტიულ და მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები 20 წელიწადზე მეტს ითვლის.
„ჩვენ ვენდობით ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, რომ ბელარუსის საელჩოს გახსნა საქართველოში დაეხმარება ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას.
ბოლო დროს სამთავრობო კონტაქტები გააქტიურდა. ამაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართულ- ბელარუსული სამთავრობოთაშორისი კომისიები. ასეთი მჭიდრო ურთიერთობები გვაძლევს კონკრეტულ შედეგებს სავაჭრო- ეკონომიკურ სფეროში.
ამ რთული სიტუაციის მიუხედავად, ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა, 2016 წელთან შედარებით, 63%-ით გაიზარდა და 5 წელიწადში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ეს ტვირთბრუნვა უკვე 110 მილიონს უახლოვდება.
ამ მთიან და მზიან რეგიონში ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს ნაწარმს, ძალიან კარგად მუშაობს ასევე პროდუქტებისა და ავეჯის მაღაზიები.
პრეზიდენტთან საუბრისას ჩვენი ურთიერთობის ახალი სპექტრი განვიხილეთ, ესაა აგრომრეწველობა, სპორტული ნაგებობების მშენებლობა და კომუნალური ტექნიკის წარმოება.
ჩვენი ქვეყანა დაინტერესებულია იმაშიც, რომ გააფართოვოს ღვინის და ხილის იმპორტი. ასევე ჩვენ ვსაუბრობდით ბელარუსის ტერიტორიაზე ერთიანი საწარმოების შექმნაზე…
ძალიან ხშირად საქართველოს კურორტებს ირჩევენ ჩვენი მოქალაქეები, თითქმის 30 %-ით გაიზარდა დამსვენებელთა რიცხვი, ბელარუსს უკავია მე-11 ადგილი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ეწვივნენ საქართველოს და როგორც ჩანს ძალიან კარგი პერსპექტივები გვაქვს მომავალშიც.
მინდა ვუთხრა ჩვენ მეგობარ ქართველებს, რომლებიც დღეს, ან ხვალ მოისმენენ ჩემს გამოსვლას, რომ თქვენ არასოდეს ყოფილხართ ჩვენთვის უცხო. საქართველოს 15 ათასამდე მოქალაქე დაიღუპა ბელარუსში ფაშიზმთან ბძოლაში და ჩვენ ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემთ ქართველ ხალხს და მის კულტურას.
თქვენ არასოდეს ყოფილხართ ჩვენთვის უცხო… ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ძმებისათვის – ქართველი ხალხისათვის”, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ პრესკონფერენციის შემდეგ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები