„დღეს სრულდება ძალიან შრომატევადი, ხანგრძლივი პროცესი, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ვიზალიბერალიზაცია”

„დღეს სრულდება ძალიან შრომატევადი, ხანგრძლივი პროცესი, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს ძალიან მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირთან. ეს პროცესი უკავშირდებოდა ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ევროპულ სტრუქტურებთან, ასევე, წევრ სახელმწიფოებთან და რეფორმებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს სვლას ევროპული ოჯახისკენ. საქართველო გახდება ევროპული სახელმწიფო და ეს გაუხსნის მას კარს ევროპულ ოჯახში. ეს დღეც აუცილებლად დადგება”, – განაცხადა ბრუსელში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპულ მომავალზე და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო იყოს სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ევროკავშირში და მის სრულფასოვან წევრობას. მისი განმარტებით, ამისათვის ჯერ კიდევ გასავლელია გზა და გასატარებელია რეფორმები, რაც მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქისთვის და უზრუნველყოფს კონკრეტულ სარგებელს მათთვის.

„ეს პროცესი, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს ევროპულ ოჯახამდე და ევროკავშირის წევრობამდე,” – აღნიშნა ჯანელიძემ.

ევროპარლამენტში დღეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები.

საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში, ხოლო გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები