ზაზა ბურჭულაძის რომანი „ტურისტის საუზმე“ გერმანულ ენაზე გამოიცა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით გერმანულ ენაზე ითარგმნა და ცნობილი გერმანული გამომცემლობის Aufbau/Blümenbar მიერ გერმანიაში თებერვალში გამოიცა ზაზა ბურჭულაძის რომანი „ტურისტის საუზმე“. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე ნათია მიქელაძე-ბახსილიანმა იმუშავა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გერმანულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია 15 მარტს ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ ლიტერატურულ სივრცეში LCB გაიმართება. გერმანულ საზოგადოებას წიგნს ქართული წარმოშობის გერმანელი მწერალი ნინო ხარატიშვილი წარუდგენს.
წიგნი ქართულ ენაზე გასულ წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა. გერმანიაში ზაზა ბურჭულაძისა რომანით ერთ-ერთი მსხვილი გერმანული გამომცემლობა დაინტერესდა. ეს რომანი გამომცემლობის Aufbau/Blümenbar მიერ გამოცემული ზაზა ბურჭულაძის მეორე წიგნია. 2015 წელს გამომცემლობის Aufbau შვილობილმა კომპანიამ Blümenbar „ადიბასის“ გერმანულენოვანი თარგმანი გამოსცა.
„ტურისტის საუზმის“ თარგმანზე უკვე დაწერილია რამდენიმე რეცენზია, რომელთაც გერმანული აუდიტორია წამყვანი გერმანული მედიის საშუალებით გაეცნობა. წიგნი დადებითად შეაფასა გერმანული ბესტსელერების ავტორმა ბოვ ბიერგმა, მწერლებმა ნინო ხარატიშვილმა და მიხაილ შიშკინმა, პიანისტმა ხატია ბუნიათაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები