დავით ქართველიშვილი – ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე: ხელისუფლებამ აირჩია ეს ტაქტიკა – საკუთარ რიგებში არცერთი კორუფციონერი და არცერთი დამნაშავე
„ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს. ძალიან ცუდია, რომ ეს უფლება გადადის კონკრეტულ დანაშაულში, მაგრამ არცერთი დანაშაული არ უნდა დარჩეს დაუსჯელი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისგებაში მიცემის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცუდია, როცა პოლიტიკოსები ვერ უძლებენ ძალაუფლების ხიბლს. მაგრამ, მისი თქმით, მთავარია, რომ დანაშაულის შემთხვევაში, ხელისუფლების გამოხატული ნებით, თანამდებობა ინდულგენცია არ არის.
„ირაკლი ღარიბაშვილი ყველას გვახსოვს, როგორც ახალგაზრდა ნიჭიერი პოლიტიკოსი, რომელსაც მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა. მოხდა ის, რაც მოხდა – კონკრეტული დანაშაული, რომლის ჩადენაც აღიარა ამ ადამიანმა. ყოველ შემთხვევაში, ის ზოგიერთივით არ გაქცეულა ევროპაში, არ იმალება გერმანიასა და საბერძნეთში. მას მოუწევს ამ სასჯელის მოხდა. არაფერი კატასტროფული, პირადად მისთვის არ მომხდარა. ყველაფერი შეიძლება მოუვიდეს ადამიანს. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში, როგორც ჩანს, პოლიტიკოსების მთელი პლეადა ვერ უძლებს ძალაუფლებას, ნდობას, რომელსაც მას უცხადებს იგივე ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. მე გული მტკივა უბრალოდ იმაზე, რაც მოხდა არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის, არამედ იგივე გრიგოლ ლილუაშვილისა და სხვა ბევრი ადამიანის შემთხვევაში.
უფრო მეტი უბედურება და გაუგებრობა იქნებოდა ჩემთვის, თუკი ხელისუფლება, იმიტომ, რომ ეს ადამიანები იყვნენ პოლიტიკური გუნდის ყოფილი წევრები, დამალავდა ამ ფაქტებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობს. ძალიან ცუდია, რომ ეს უფლება გადადის კონკრეტულ დანაშაულში, მაგრამ არცერთი დანაშაული არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.
მე არ მახსოვს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, რომელიმე გახმაურებული საქმე, რომელიც აღიძრა მისი პერიოდის რომელიმე პრემიერ-მინისტრის, ან მინისტრის, ან მინისტრის მოადგილის მისამართით. ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ მის პერიოდში არ ხდებოდა სამსახურებრივი გადაცდომა, არ იყო კორუფცია, მექრთამეობა, უფლებამოსილების გადამეტება და არ იყო უფრო მძიმე დანაშაული, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაში გვაქვს. მაგრამ დღეს ხელისუფლებამ აირჩია ეს ტაქტიკა – საკუთარ რიგებში არ იყოს არცერთი კორუფციონერი და არცერთი დამნაშავე“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.