აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან მაღალი დონის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მაღალი დონის ვიზიტი, რომელიც ხორციელდება მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში, ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები იყოს გაჟღერებული საერთაშორისო არენაზე. რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენს თანამშრომლობას პარტნიორებთან, კარგი შესაძლებლობაა რომ მაღალი დონის სტუმრებთან იყოს კომუნიკაცია და შეხვედრები.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 2025 წელს საკმაოდ კარგი დინამიკა გვქონდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს დინამიკა მიმდინარე წელსაც გაგრძელდეს. სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა და ეკონომიკური მიმართულების პროექტები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ოფიციალურ შეხვედრებსა და სამომავლო პროექტებზე.
„გვექნება შეხვედრები იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში პროექტებს ახორციელებენ ან მომავალში გეგმავენ განხორციელებას. ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ასევე, პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა სამიტის მონაწილეებს მიმართოს, რაც კიდევ ერთხელ საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მოაქცევს“, – აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარისას ისაუბრა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზეც.
„დინამიკა ჩვენს ქვეყნებს შორის, არის ძალიან პოზიტიური, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით. მქონდა შესაძლებლობა კოლეგებთან შეხვედრის და საუბრის ჩვენს პოლიტიკურ დიალოგზე. გასულ წელს პოლიტიკური დიალოგი უმაღლეს დონეზე განხორციელდა და მნიშვნელოვანია, რომ ეს დინამიკა წელსაც შენარჩუნდეს.
რეგიონში მიმდინარე პროცესები, არის მნიშვნელოვანი და საყურადღებო. პარტნიორებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ვთანხმდებით, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას სხვადასხვა საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს და მიმართული იქნება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერებისკენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.