მწერალთა სახლმა, ქართველ ავტორებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში – „ცხოვრება და სივრცე“
8-9 იანვარს, მწერალთა სახლმა, ქართველ ავტორებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში „ცხოვრება და სივრცე“ (ტრაპიზონის მუზეუმი, კოსტაკის სასახლე).
მწერალთა სახლის ინფორმაციით, ღონისძიება ტარდება ქალაქის ისტორიულ ადგილებში, და მასში 20-მდე ქვეყანა მონაწილეობს.
სხვადასხვა დროს ფესტივალის მონაწილე ქვეყნები იყვნენ: საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი, გერმანია, იტალია, გაერთიანებული სამეფო, შოტლანდია, კვიპროსი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბოსნია-ჰერცეგოვინა, იაპონია და სხვ.
საფესტივალო დღეებში ჩატარდა ლიტერატურული ლექციები, პოეზიის საღამოები, ავტორებთან შეხვედრები, პანელები და დისკუსიები; წარდგენები, თარგმნილი ლიტერატურის წარდგენები. ფესტივალის წევრებმა მოინახულეს ისტორიული ღირსშესანიშნაობები.
მწერალთა სახლის დელეგაციას წარმოადგენდნენ: მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, პოეტები − მანონ ბულისკერია, ნინუკა ქოიავა, ია სულაბერიძე და თურქი ქართველოლოგი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი ჰარუნ ჩიმქე.
ფესტივალის დღეებში შეხვედრები და დისკუსიები გაიმართა ტრაპიზონის ჟურნალისტთა ასოციაციაში, შეხვედრა შედგა ტრაპიზონის ორთაჰისარის მუნიციპალიტეტის კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელ სადეთინ ონსელისთან და მერის მოადგილე ემულ არსლანთან, სადაც განიხილეს ქართულ და თურქულ მხარეებს შორის სამომავლო კულტურული თანამშრომლობის შესაძლებლობები.
მწერალთა სახლი მიიწვიეს ტრაპიზონის ლიტერატურულ ფესტივალზე, რომელიც ამა წლის აგვისტოს ბოლოს გაიმართება.
შეხვედრა შედგა ტრაპიზონის კარადენიზის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან. გაიმართა დისკუსია თემაზე „ცოცხალი ლიტერატურული პროცესი და ღირებულებები“; ქართველმა ავტორებმა წაიკითხეს თავიანთი და მათ მიერ თარგმნილი თურქი პოეტების ლექსები.
ფესტივალში აქტიური მონაწილეობისთვის და მნიშვნელოვანი წვლილისთვის მის განვითარებაში, UTEF-ის დამფუძნებელმა, მწერალმა ესმა თურქმენმა საქართველოს დელეგაციის წევრებს სპეციალური დიპლომები გადასცა.
ტრაპიზონის სოციალურ მეცნიერებათა ლიცეუმში გაიმართა შეხვედრა ქართველ პოეტებთან, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნეს თავიანთი შემოქმედება. ადგილობრივმა სტუდენტებმა თურქულ ენაზე წაიკითხეს ქართველი და თურქი პოეტების ლექსები.
ქართული დელეგაციის წევრებმა ქართულ-თურქული ლიტერატურული ურთიერთობის, მწერალთა სახლის მიმდინარე და სამომავლო, მათ შორის საერთაშორისო პროექტების შესახებ ისაუბრეს.
მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა მთარგმნელობითი და სარეზიდენციო პროგრამები და ლიცეუმის ბიბლიოთეკას მწერალთა სახლის ბუკლეტები და კატალოგები გადასცა. შეხვედრას მოდერატორობა გაუწია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა, მთარგმნელმა და UTEF-ის მრჩეველმა ქართული ლიტერატურის დარგში, ჰარუნ ჩიმქემ.
კოსტაკის სასახლეში გაიმართა ქართველი პოეტების − მანონ ბულისკერიას, ნინუკა ქოიავას და ია სულაბერიძის შემოქმედებითი საღამო. დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ქართველი ავტორების და მათ მიერ თარგმნილი თურქი პოეტების პოეზია.
დაბოლოს, შეხვედრა შედგა თანამედროვე ლიტერატურისა და ხელოვნების ასოციაციაში, რომელსაც ხელმძღვანელობს პოეტი მეჰმედ კუვვეტი. შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა ორივე მხარისთვის − შემუშავდა ახალი პროექტები და დაიგეგმა კონკრეტული ურთიერთსასარგებლო საქმიანობა.
ინფორმაციისთვის: ფესტივალი დაარსდა 2014 წელს და ყოველწლიურად იმართება, რომლის მიზანია ლიტერატურის პოპულარიზაცია, კულტურათაშორისი დიალოგი, თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებთან, კულტურული და ტურისტული მემკვიდრეობის წარმოჩენა.