საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წევრები აშშ-ს კონგრესმენებს შეხვდნენ

 კონგრესმენ პიტერ როსკამის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის წარმომადგენლები, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წევრებს შეხვდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა, ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. აშშ-ის კონგრესის დელეგაციამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის მხარდაჭერა.
„ეს იყო კიდევ ერთი გამოვლინება ძალიან მყარი მხარდაჭერის, რომელიც საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აქვს. ამერიკის დელეგაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ამერიკაში არ არის პარტიული საკითხი, ეს არის საკითხი, რომელიც აერთიანებს როგორც რესპუბლიკელების ისე დემოკრატების პარტიას“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან მყარი ურთიერთობები აქვს. „ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა და პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება შემდეგი პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
შეხვედრაზე, კონგრესმენების მიერ, პოზიტიურად შეფასდა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომლებსაც ქვეყანა დემოკრატიული განვითარების პროცესში ახორციელებს. „ჩვენ მივიღეთ ძალიან პოზიტიური შეფასებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა რეფორმები ხორციელდება საქართველოში“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანი საპარლამენტო ხელისუფლების და პარლამენტთა შორის თანამშრომლობის გაძლიერება და საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება იყო.
„ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ და კონკრეტული პროექტებიც გვექნება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს პარლამენტს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებთან შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წევრები – თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი ვოლსკი, ზვიად კვაჭანტირაძე, ზაზა ხუციშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, სალომე სამადაშვილი, გიორგი კანდელაკი, ისკო დასენი, მონაწილეობდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც პიტერ როსკამი (ილინოისი), დევიდ პრაისი (ჩრდილოეთ კაროლინა), ჯერი კონოლი(ვირჯინია) და ადრიან სმიტი (ნებრასკა) შედიან საქართველოდან 26 თებერვალს გაემგზავრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები