ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ბოიკოტს ე.წ.მოსმენების კანონის მიღების გაჭიანურებად აფასებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “ევროპული საქართველოს” მიერ ე.წ. მოსმენების კანონის განხილვის დროს სხდომათა დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვებას პროცესის ხელოვნურად გახანგრძლივებად აფასებს.
“კიდევ ერთხელ განვმარტავ, თუ რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში. ხორციელდებოდა ე.წ ინგლისური ტერმინი რომ გამოვიყენოთ, “ფილინგ ბასტერინგი“, რაც არის დროში ხელოვნურად გაწელვა პროცედურის. რამდენჯერმე ღიადაც და დახურულ რეჟიმშიც ვთხოვე უმცირესობის წარმომადგენლებს, რომ ეს არ გაეკეთებინათ, გამომდინარე იქიდან, რომ ხელს უშლიდა ამ კანონპროექტის საგნობრივ განხილვას. თქვენ ყველა ხედავდით, რა რეჟიმში მიმდინარეობდა განხილვა. უმრავლესობა პრაქტიკულად არ იყო ჩართული განხილვაში, მხოლოდ საკომიტეტო რეჟიმში და კულუარულ რეჟიმში იყო ჩართული ამ კანონპროექტის განხილვისას. გამომდინარე იქედან, რომ სწორედ საპარლამენტო უმცირესობამ მიიღო გადაწყვეტილება პროცესის და პროცედურის ხელოვნურად გახანგრძლივების თაობაზე, ეს, რა თქმა უნდა, იყო მათი პოლიტიკური არჩევანი, ჩვენ არ შეგვიძლია რაიმეს გაკეთება, თუ რეგლამენტის შესაბამისად იყენებენ თავიანთ უფლებებს პარლამენტის წევრები. მხოლოდ იქ, სადაც რეგლამენტს უხეშად არღვევდნენ დეპუტატები, მიწევდა შესაბამისად რეაგირება, ცალკეულ შემთხვევაში, მიკროფონის გამორთვა – ეს იყო მაქსიმალური რეაგირების მექანიზმი, რომელიც მე შემეძლო გამომეყენებინა და გამოვიყენე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ე.წ. მოსმენების კანონპროექტის მხოლოდ ცვლილებების კუთხით განხილვა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების ბრალია, რადგან ისინი პროცესის გაჭიანურებას უწყობდნენ ხელს.
“არაერთხელ გავაფრთხლე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ე.წ „ფილინგ ბასტერინგი“ ხელს შეუშლიდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტის საგნობრივად და სიღრმისეულად განხილვას. ეს არ გაითვალისწინეს და შედეგი არის ის, რაც დღეს მოხდა. რა თქმა უნა, უკეთესი იქნებოდა, რომ ჩვენ თითოეული მუხლის და პუნქტის მიხედვით გაგვევლო როგორც ძირითადი, ისე სხვა კანონპროექტები, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბიუროზე კიდევ ერთხელ დაგვიანონსეს „ფილინგ ბასტერინგი“ ანუ კიდევ ერთხელ გვითხრეს, რომ ისინი ხელოვნურად გაწელავდნენ კანონპროექტის განხილვას, აქედან გამომდინარე, მე დამჭირდა რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება და ამ უფლებამოსილების გამოყენების მთავარი მიზანი იყო კანონპროექტის საგნობრივი და სიღრმისეული განხილვის უზრუნველჰყოფა. ეს იყო ერთადერთი საფუძველი იმ გადაწყვეტილების, რომელიც მე მივიღე, იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე. ეს იყო მოკლე განმარტება ამ პროცედურასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
საპარლამენტო ოპოზიციამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის თანახმადაც, მეორე მოსმენით კანონპროექტს მხოლოდ ცვლილებების კუთხით განიხილავენ და არა მუხლობრივად. ბესელიას ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარეც დაეთანხმა, რასაც ოპოზიციის გაღიზიანება მოჰყვა და მათ კონსულტაციებისთვის სასესიო დარბაზი დატოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები