ლაშა ჟვანია: მამა მიქაელ ბოტკოველი ამ დრომდე ინარჩუნებს პატრიარქის მდივნის პოზიციას

პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, პატრიარქის პრესმდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება, უწმინდესთან შეთანხმებული არ ყოფილა. ჟვანიას განცხადებით, მამა მიქაელის მიერ თანამდებობის დატოვება იმ ადამიანის გადასაწყვეტია, რომელიც მას ნიშნავს და ეს არის მისი უწმინდესობა. მისივე თქმით, მამა მიქაელ ბოტკოველი ამ დრომდე ინარჩუნებს პატრიარქის მდივნის პოზიციას.
„მამა მიქაელ ბოტკოველის თანამდებობა გახლავთ კონკორდატის თანამდებობა. მამა მიქაელის თანამდებობის დატოვება არის იმ ადამიანის გადასაწყვეტი, რომელიც მას ნიშნავს. ეს არის მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. მე როგორც ვიცი, მამა მიქაელს მისი ეს ემოციური გადაწყვეტილება არ შეუთანხმებია მის უწმინდესობასთან, ამიტომ დაველოდოთ. ეს არ არის ცალმხრივად გადასაწყვეტი. გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესიის საჭეთმპყრობელი და მჯერა, რომ მიქაელ ბოტკოველი მის ნება-სურვილს დაემორჩილება. 12 თებერვლის შემდეგ, მოსვენება არ გვაქვს არც ერთ ადამიანს, ვინც უწმინდესობის გვერდით ვმუშაობთ უკვე წლებია და ვართ ეკლესიის სასიკეთოდ მოწოდებული. ეს არის ყველაზე დიდი წნეხი, რომელიც უფრო მეტად მოდიოდა მამა მიქაელ ბოტკოველზე. ვფიქრობ, რომ ეს იყო ემოციური გადაწყვეტილება და არა დაფიქრებული. მე ღრმად მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ როდესაც მამა მიქაელ ბოტკოველი ამის შესახებ მოახსენებს უწმინდესს, ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული მისი უწმინდესობის მიერ“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა მამა მიქაელ ბოტკოველი სიცრუეში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ გამოჩენილა. საპატრიარქოს პრესმდივნის აღნიშნული განცხადება ოხანაშვილმა უარყო და განაცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
თავად მამა მიქაელ ბოტკოველმა კი, ოხანაშვილის განცხადებების შემდეგ, თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები