სოსო ოხანაშვილი: მიქაელ ბოტკოველმა იცრუა – მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას

პატრიარქის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი პატრიარქის პრესმდივნის, მამა მიქაელ ბოტკოველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. როგორც საპატრიარქოსთან ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იგი გერმანიაში დაბრუნების დღიდან საპატრიარქოში იმყოფება და მის მოვალეობას ასრულებს.
„მინდა გაცნობოთ, რომ მამა მიქაელ ბოტკოველმა იცრუა. მან მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში. გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან, მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებ ჩემს მოვალეობას. ამ დღეებში გავმართავ ბრიფინგს, სადაც გაცნობებთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ და გაგაცნობთ არსებულ ვითარებას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
„კვირა“ საკითხის გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი თანამდებობაზე რჩება.
მათი ცნობით, ოხანაშვილი ამ დრომდე შს სამინისტროს თანამშრომელია.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი პატრიარქის პრესმდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააკეთა. მისი თქმით, ოხანაშვილი პატრიარქის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საპატრიარქოში არ გამოჩენილა. ბოტკოველის განმარტებით, პატრიარქის დაცვის დანარჩენი წევრები საპატრიარქოში არიან და უწმინდესის დაცვას უზრუნველყოფენ.
„სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება. არ ვიცი ამასთან დაკავშირებით არაფერი. პატრიარქის დაცვის შემადგენლობა საპატრიარქოშია, თუმცა რაც მისი უწმინდესობა საქართველოში დაბრუნდა, მე სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავს“, – განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები